ქართული ემიგრაციის წარმომადგენლები და ,,აბვერი”
თენგიზ სიმაშვილი
დაიბეჭდა: 18-19. 07. 2024 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. აკაკი ჩხენკელის დაბადებიდან 150 წლისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციია მასალებში
ქართული ემიგრაციის წარმომადგენლები და ,,აბვერი”
(შსს არქივში დაცული დოკუმენტების მიხედვით)
II მსოფლიო ომის პერიოდში, ქართული ემიგრაციის წარმომადგენლების ნაწილი აქტიურად თანამშრომლობდა გერმანული არმიის (ვერმახტი) სხვადასხვა უწყებასთან. ცნობილია, რომ გერმანიის არმიის საზღვაო დაზვერვის და კონტრდაზვერვის ორგანო ,,აბვერი“ ამზადებდა და საქართველოს ტერიტორიაზე აგზავნიდა სხვადასხვა დივერსიულ ჯგუფებს. მათ შორის, ყველაზე უფრო ცნობილია ქართველი ემიგრანტებისგან, გერმანელებისგან და ასევე ე.წ. ,,მოხალისეებისგან“ - ყოფილი საბჭოთა ტყვეებისგან შექმნილი სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფები - თამარა I და თამარა II.
შედარებით
ნაკლებია ცნობილი,
გერმანული არმიის საზღვაო დაზვერვის ორგანოს, ,,აბვერის“-ის საზღვაო დაზვერვის ქვედანაყოფის - “Nachrichtenbeobachter”-ის
(შემოკლებით –
NBO) მიერ, 1942-1943 წლებში სიმფეროპოლის სადაზვერვო-დივერსიულ
ბანაკში მომზადებული და საქართველოში თვითმფრინავების მეშვეობით ,,გადმოსროლილი“ ქართველი
ემიგრანტების და ე.წ. ,,მოხალისეების“
- ყოფილი საბჭოთა ტყვეებისგან შექმნილ სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფების საქმიანობაზე
და მათი წევრების ბედზე.
“Nachrichtenbeobachter” იყო ,,ვერმახტის’’
უმაღლეს სარდლობას დაქვემდებარებული - ,,სამხედრო დაზვერვის და კონტრდაზვერვის ორგანოს’’
(აბვერ) საზღვაო დაზვერვის განყოფილება. იგი ჩამოყალიბდა 1941 წლის ბოლოს - 1942 წლის დასაწყისში ბერლინში. საზღვაო
დაზვერვის ეს ორგანო უშუალოდ ექვემდებარებოდა ,,აბვერ-საზღვარგარეთის“ სამმართველოს და მიმაგრებული იყო ადმირალ შუსტერის შტაბზე, რომელიც მეთაურობდა სამხრეთ-აღმოსავლეთის აუზში განლაგებულ გერმანიის საზღვაო ძალებს. გაგზავნილი იყო ქერჩში, განლაგებული იყო 1943 წლის ოქტომბრამდე სიმფეროპოლში მისამართზე - ,,სევასტოპოლსკაია’’ #6.
საარქივო მასალებში დაცულია “Nachrichtenbeobachter”-ის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე გადმოგზავნილი, სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფების
დაპატიმრებული წევრების დაკითხვის ოქმები, მათთვის დაპატიმრებისას ჩამორთმეული დოკუმენტები
და სხვა მასალები. ამ საარქივო დოკუმენტების ანალიზი ძალიან საინტერესოა, ქართული ემიგრაციის
საქმიანობის და შესაბამისი საკვლევი პერიოდის უკეთ შესწავლა-გადაფასებისთვის.
ჩვენთვის,
აღნიშნული კვლევის დაწყების ბიძგი გახდა, ქალაქ თელავში
მოსახლეობაში შემორჩენილი ზეპირი გადმოცემა, რომ ქალაქ თელავის
აღმოსავლეთით, ,,ნადიკვრის“ სახელობის პარკის გვერდით მდებარე ადგილზე ე.წ.
,,გიგოს გორაზე’’, სადაც 1920-იან წლებში ხვრეტდნენ საბჭოთა ხელისუფლებისთვის მიუღებელ
პირებს, 1943 წელს გერმანელების მიერ თვითმფრინავით გადმოსხმული დესანტის ერთ-ერთი
წევრი დახვრიტეს. კახეთში გადმოსხმული ,,გერმანული
დესანტის’’ ამ ხუთ კაციანი ჯგუფის ისტორია უკვე გამოვაქვეყნეთ და ვიყენებთ ამ სტატიაში.
[1]
როგორც
კვლევის პროცესში გამოვარკვიეთ, 1943 წლის
13 მაისს, ,,გიგოს გორაზე“ დახვრეტილ იქნა, გერმანელების მიერ თვითმფრინავით გადმოსხმული დესანტის ერთ-ერთი წევრი
გიორგი სამსონის ძე ჭირაქაძე. ჭირაქაძე და მისი ხუთკაციანი ჯგუფის წევრები ზემონახსენები,
გერმანული არმიის საზღვაო დაზვერვის ორგანოს, ე.წ.
‘’Nachrichtenbeobachter"-ის მიერ იქნენ საქართველოში გადმოსროლილი. ამ ქვედანაყოფს 1943 წლის ბოლომდე მინიჭებული
ჰქონდა საველე ფოსტის ნომერი 47585, რომელიც დასტურდება ჩვენი კვლევის მასალებითაც.
გიორგი
ჭირაქაძის ჯგუფის წევრებს, რომელებიც საქართველოში იქნენ გადმოსროლილი, სწორედ ’Nachrichtenbeobachter"-ის
მიერ გაცემული
დოკუმენტები ჰქონდათ საველე ფოსტის ამ ნომერით.
სხვა სახის სადაზვერვო საქმიანობასთან ერთად, ეს ქვედანაყოფი
აგროვებდა სამხედრო ტყვეებიდან
მოხალისეებს, რომლებიც გადიოდნენ სპეციალურ მომზადებას სიმფეროპოლში და მის მიმდებარე
ტერიტორიებზე არსებულ სკოლებში, პოლიგონებზე. შესაბამის სწავლა-გავლილ და მომზადებულ
აგენტებს 3-4 კაციან ჯგუფებად აგზავნიდნენ წითელი არმიის ზურგში ,,სამუშაოდ“. მათი
გადასროლა ხორციელდებოდა თვითმფრინავების, სახმელეთო გზის, ან ზღვის მეშვეობით. როგორც წესი, გადასროლილ ჯგუფებში ერთ-ერთი იყო რადისტი, რომელსაც თან ჰქონდა
პორტატული რადიოგადამცემი. აგენტებთან ურთიერთობას ამყარებდნენ ქერჩის, სიმფეროპოლისა და ანაპას რადიოსადგურების საშუალებით.
კვლევის პროცესში აღმოჩნდა, რომ
გერმანული არმიის საზღვაო დაზვერვის ამ ორგანოს - ‘’Nachrichtenbeobachter"-ს
საქართველოს ტერიტორიაზე რამდენიმე ათეული ,,ჯგუფი’’ ,,გადაუგზავნია’’. ‘’Nachrichtenbeobachter"
(NBO)-ის და ,,აბვერის’’ სხვა განყოფილებების მიერ საქართველოში გადმოგზავნილ ჯგუფებზე
ინფორმაციები მოიპოვება იმდროინდელი საქართველოს სსრ-ს ხელმძღვანელების და საქართველოს სსრ-ს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის (შსსკ-ნკვდ)
თანამშრომლების
მიმოწერაშიც. მაგალითად, 1942
წლის 8 აგვისტოს საქართველოს სსრ-ს შინაგან
საქმეთა სახალხო კომისარიატი (შსსკ-ნკვდ), საქართველოს სსრ-ს კომუნისტური პარტიის ცენტრალური
კომიტეტის (ცეკა) მდივან ჩარკვიანს წერდა: ,,გაცნობებთ რომ ჩვენს მიერ 1942 წლის 8
მაისს დაპატიმრებულ იქნა მტრის პარაშუტისტი მზვერავი. გერმანელების მიერ მომზადებული
სხვა პირები სიმფეროპოლში არიან. გადმოსასხდომად მზადაა 150 კაცი, უმეტესობა სომეხია.
განზრახული აქვთ ისინი 7 მაისს საღამოდან გადმოსხან ოთხ კაციან ჯგუფებად შავი ზღვიდან
რადიოაპარატებით და შეიარაღებით. მათი ამოცანაა მოამზადონ თვითმფრინავების დასაჯდომი
ადგილები, მომზადონ კადრები აჯანყებითვის, განახორციელონ დივერსიული აქტები’’.[2]
იგივე
მოხსენებით ბარათში ვკითხულობთ: ,,10 სექტემბერს წალენჯიხის რაიონში მოკლეს გერმანელი
პარაშურტისტი დივერსანტი, რომელიც გადმოსვეს 7 სექტემბერს. მოკლული წააგავს ქართველს.
დოკუმენტები არ აქვს. წყალტუბოს რაიონში მოკლეს გერმანელი პარაშუტისტი. უპოვეს ჯარისკაცის
პირადობის მოწმობა - გრიუნეის ალფონს. 1921 წელს დაბადებული, ქალქ კონინგის მცხოვრები.
მანამდე მოკლეს გერმან ედვარდი’’.[3]
1942 წლის
5-6 სექტემბერს, ჭიათურაში გერმანელი პარაშუტისტების გადასხდომა მომხდარა, სადაც ადგილზე
უპოვიათ სამი პარაშუტი, ასევე იარაღი. აქვე
აღნიშნულია, რომ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის ადგილობრივ განყოფილებაში გამოცხადებულან
ვინმე გოგოლაშვილი და ლაითიძე, რომლებიც 1942 წლის 17 აგვისტოს გადმოსხმულ ჯგუფს ეკუთვნოდნენ.[4]
საინტერესოა, რომ დასავლეთ საქართველოში გერმანელების
მიერ გადასროლილი ერთ-ერთი ჯგუფის წევრს აღმოაჩნდა ,,თეთრი გიორგის“ მედალიონი და პატარა
დანომრილი მკერდზე სატარებელი პატარა ხანჯლები, რომლის დანიშნულება შინაგან საქმეთა
სახალხო კომისარიატისთვის იყო დაუდგენელი.
ამავე მოხსენების მიხედვით: ,,საქართველოს სსრ-ს
წულიკიძის რაიონში 5 სექტემბერს გერმანული თვითმფრინავის მიერ ორი პარაშუტით ჩამოგდებულ
ბარგში, იარაღთან ერთად აღმოჩნდა მკერდზე სატარებელი ხანჯლები.’’
[5]
საბჭოთა პერიოდში გამოსულ ლიტერატურაში, რომლებიც
ეხება საბჭოთა უშიშროების ორგანოების საქმიანობას, ასევე დასტურდება ‘’Nachrichtenbeobachter" (NBO)-ის მიერ გაწვრთნილი
გერმანული დესანტის
გადასხმა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე. მაგალითად, ერთ-ერთ მათგანში ვკითხულობთ:
,,1942 წლის მაისში აფხაზეთის ასსრ-ში ოჩამჩირის რაიონში გადმოსხეს პარაშუტისტების
ჯგუფი - 4 კაცი, დივერსიულ-ჯაშუშური დავალებით. გადმოსხმის დროს გამანადგურებელი ბატალიონის
მებრძოლებმა ორი პარაშუტისტი მოკლეს, ერთი დაატყვევეს. ჯგუფის ხელმძღვანელმა ასადაშვილმა
- 30-იანი წლების ემიგრანტმა, ფაშისტური ოგანიზაციის ,,თეთრი გიორგის“ წევრმა, შეძლო
მიმალულიყო. არალეგალურ მდგომარეობას მყოფი ასადაშვილი დავალების შესრულების მიზნით
აქტიურად ეძებდა ანტისაბჭოთად განწყობილ პირებს, წითელი არმიის დეზერტირებს, ცდილობდა
აჯანყებისთვის მათგან შეექმნა ჯგუფი საბჭოთა ხელისუფლების წინაღმდეგ საბრძოლველად.
1942 წლის დეკემბერში, ოპერატიული ღონისძიებების განხორციელების შედეგად შესაძლებელი
გახდა ასადაშვილის ხაფანგში შეტყუება და ლიკვიდირება. ამავე დროს გაანადგურეს მისი
დამქაშების და მფარველების ჯგუფი’’.[6]
ამ მასალაში საუბარია ემიგრანტ გიორგი ასადაშვილზე,
რომლის შესახებ ინფორმაცია და ფოტოსურათები დაცულია ქართული ემიგრაციის მუზეუმის მასალებში.
აღსანიშნავია, რომ ჩვენ ვერ მოვიძიეთ გიორგი ასადაშვილის შესახებ მასალა საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში. სავარაუდოდ, მასზე არსებული დოკუმენტაცია
1990-იანი წლების დასაწყისში, სამოქალაქო ომის დროს უშიშროების არქივში გაჩენილი ხანძრის
შედეგად იქნა განადგურებული.
არქივებში
გიორგი ასადაშვილზე უფრო დეტალური მასალის არსებობას ადასტურებს, რუსეთის მიერ ოკუპირებული
აფხაზეთის დე-ფაქტო, არაღიარებულ რესპუბლიკაში გამოსული ერთ-ერთი წიგნის შინაარსი.
აქ წერია, რომ გიორგი ასადაშვილის ჯგუფის წევრების დასაპატიმრებლად ჩატარებული ოპერაციის
დროს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი რამდენიმე ადამიანი, მათ შორის მილიციელები
იქნენ მოკლული და დაჭრილი. ასევე, მოკლულ იქნა ორი ,,დივერსანტი’’ - შ. ნებიერიძე და
შ. დუგაშვილი, ხოლო ,,დივერსანტი’’ ს. ყრუაშვილი იქნა დაპატიმრებული.[7] აღნიშნულია:
,,ამ ჯაშუშურ-დივერსიული ჯგუფის ლიდერმა ასადაშვილმა გაქცევა მოახერხა. ყრუაშვილს და
ნებიერიძეს ლეჩხუმის რაიონში უწევდათ დარჩენა და მუშაობა, დუგაშვილს და ასადიშვილს
კახეთში ჩასვლა და იქ მუშაობა’’.[8]
1942
წელს, გერმანული არმიის საზღვაო დაზვერვის ორგანოს, ე.წ.
‘’Nachrichtenbeobachter"-ის მიერ დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე გადმოსროლილი,
გერმანული დესანტის წევრებს შორის, იყვნენ ჩვენს
მიერ უკვე დასახელებული ემიგრანტი გიორგი ჭირაქაძე
და მისი ჯგუფის წევრები, ყოფილი სამხედრო ტყვეები: ფიცხელაური, დურგლიშვილი, ბაცაცაშვილი
და ებანოიძე. ისინი გერმანული არმიის საზღვაო დაზვერვის ორგანოს
,,Nachrichtenbeobachter" (NBO)-ის სიმფეროპოლის სადაზვერვო ბანაკში მოამზადეს
და 1942 წლის 17 სექტემბერის საღამოს, გერმანული
თვითმფრინავით ქალაქ ევპატორიასთან მდებარე ე.წ. ,,საკის’’ აეროდრომიდან გამოფრინდნენ.
გადმოსხმა საქართველოში სოფელ მელაანის მახლობლად უნდა მომხდარიყო. თუმცა, იმის გამო,
რომ გერმანულ თვითმფრინავს თბილისთან საბჭოთა საზენიტო არტილერიამ სროლა აუტეხა, ისინი
იმ დროს თელავის რაიონის შემადგენლობაში შემავალ, გომბორის უღელტეხილის ტერიტორიაზე
მდებარე აშროშანის ტყეში გადმოსხდნენ პარაშუტებით.
ათი დღის შემდეგ კი,
1942 წლის 27 სექტემბერს, თელავის ,,შინსახკომში’’ გამოცხადნენ ფიცხელაური და ბაცაცაშვილი. მათი ე.წ. ,,დაკავების აქტში“
ნათქვამია - ,,გამოცხადებულებმა განაცხადეს, რომ ისინი 1942 წლის 17 სექტემბერს გერმანულმა
თვითმფრინავმა გადმოსხა პარაშუტით საჯაშუშო-დივერსიული საქმიანობის საწარმოებლად. მათთან
ერთად გადმოსხდნენ გერმანიის არმიის მაიორი ,,ემიგრანტი ჭირაქაძე’’ და ორი ყოფილი სამხედრო
ტყვე - ებანოიძე და დურგლიშვილი, რომლებიც იმყოფებიან გომბორის უღელტეხილზე მდებარე
ტყეში’’.[9]
აღსანიშნავია, რომ ჭირაქაძე, ჯერ კიდევ სიმფეროპოლში
ყოფნისას იყო ,,გაცემული“ მის მიერ შერჩეული
ჯგუფის წევრების, ყოფილი წითელარმიელების მიერ. ფიცხელაურის ჩვენებიდან ჩანს, რომ:
,,მას, დურგლიშვილს და ებანოიძეს, ჯერ კიდევ სიმფეროპოლში ყოფნისას მოულაპარაკიათ ჯგუფის
ხელმძღვანელი გოგი (გიორგი) ჭირაქაძე ,,ჩაებარებინათ’’ ,,შინსახკომში“.[10]
1942 წლის 27 სექტემბრის,
დილით თელავის ,,შინსახკომის’’ და ,,გამანადგურებელი ბატალიონის’’ წევრებმა გომბორის მთებში ,,ემიგრანტი
ჭირაქაძე’’, მისი ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად დააპატიმრეს.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩვენს მიერ კახეთში გადმოსხმული
,,გერმანული დესანტის’’ ამ ხუთ კაციანი ჯგუფის ისტორია გამოქვეყნებულია. შესაბამისად, სიღრმისეულად აღნიშნულ ისტორიას, გერმანული დესანტის
წევრების ბიოგრაფიებს აქ ვრცლად არ შევეხებით.[11]
კახეთში გადმოსხმული ,,გერმანული დესანტის’’
ამ ჯგუფის წევრები: ებანოიძე, ფიცხელაური, დურგლიშვილი და ბაცაცაშვილი, ქერჩში თითქმის
ერთ პერიოდში ჩავარდნენ ტყვედ. სწორედ აქ ტყვეთა ბანაკებში ყოფნისას შეხვდნენ ისინი
ქართველ ემიგრანტებს.
მაგალითად, ფიცხელაურის ჩვენების მიხედვით,
მას ტყვეთა ბანაკში 1942 წლის 1 აგვისტოს შეხვედრია ემიგრანტი ლეო ბალარჯიშვილი, რომელსაც
გაუგია, რომ ფიცხელაური საუბრობდა რამდენიმე ენაზე და უთქვამს, რომ მზადდებოდა საქართველოში
გასაგზავნად ჯგუფი, რომლისთვისაც უნდა ეხელმძღვანელა ,,ემიგრანტ ჭირაქაძეს’’. შესაბამისად,
ბალარჯიშვილს უთქვამს, რომ ფიცხელაური: ,,როგორც ენების მცოდნე გამოსადეგი იყო საქართველოს
განთავისუფლებისთვის ბრძოლაში ბოლშევიკებისგან და საბჭოთა ხელისუფლებისგან, რომ საქართველო
იქნებოდა დამოუკიდებელი’’. ფიცხელაურსაც თანხმობა მიუცია თანამშრომლობაზე და იგი სიმფეროპოლის
სადაზვერვო სკოლაში მიუყვანიათ.[12]
აღსანიშნავია,
რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცულ მასალებში, საქართველოში
სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ადგილებში გადმოსხმული გერმანული დესანტის წევრების
ჩვენებებში, იკვეთება მათი ტყვეთა ბანაკებიდან გამომყვანი და ფაქტობრივად სიცოცხლის
შემნარჩუნებელი ემიგრანტების განწყობა, ასე ვთქვათ ,,საერთო“ მოტივაცია - ბოლშევიკებისგან
საქართველოს გასანთავისუფლებლად ბრძოლის სურვილი. გერმანული დესანტის დაპატიმრებული
წევრების ჩვენებებიდან ირკვევა, რომ ქართველ ემიგრანტებს, ვინც ტყვეთა ბანაკებში შედიოდნენ
და ქართველი ეროვნების ტყვეებს ესაუბრებოდნენ გულწრფელად სჯეროდათ, გერმანული არმია
დაეხმარებოდათ ბოლშევიკებისგან საქართველოს განთავისუფლებაში.
მსგავსი
ინფორმაციებია დაცული ჭირაქაძის ჯგუფის წევრების ჩვენებებშიც. მაგალითად, ჭირაქაძის
ჯგუფის წევრი ებანოიძე თავის ჩვენებაში წერს: ,,ჭირაქაძე ამბობდა, რომ საქართველოს
ოკუპაციის შემდეგ შეიქმნება ,,დამოუკიდებელი საქართველოს“ მთავრობა ემიგრანტებისგან’’-ო.[13]
ამავე ჩვენებაში ვკითხულობთ: ,,ემიგრანტმა ჭირაქაძემ’’
მითხრა, წამოხვალ თუ არა ჩემთან ერთად საქართველოში, საქართველოს განთავისუფლებისთვის
მუშაობის საწარმოებლად“-ო.[14]
ჭირაქაძის
ჯგუფის სხვა წევრის, ფიცხელაურის ჩვენების მიხედვით კი, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ
გიორგი ჭირაქაძე, მათი ჩამოსხდომის ადგილზე მდებარე სოფლების მცხოვრებლებს ესაუბრებოდა
და ეუბნებოდა: ,,საქართველო დამოუკიდებელი იქნებოდა’’.[15] ამ კუთხით, ასევე საინტერესოა დურგლიშვილის
ჩვენება. მისი სიტყვებით: ,,ჭირაქაძე ტყვეთა ბანაკში ყოფნისას ხშირად მიდიოდა ტყვეებთან
და ამბობდა - ჩვენი მიზანი არის და ასეც უნდა გავაკეთოთ, რომ ამ ბრძოლებში ქართველი
ხალხი არ დაიხოცოს. ხელი უნდა შევუწყოთ ქართველი ხალხის აჯანყებას ადგილობრივი საბჭოების
წინააღმდეგ’’.[16]
დურგლიშვილი ასევე უჩვენებდა: ,,ქართველი ემიგრანტები
მოითხოვდნენ ჩვენგან დახმარების გაწევას, რათა საქართველოში საბჭოების დამხობის შემდეგ
გამოეცხადებინათ დამოუკიდებლობა’’.[17]
დურგლიშვილის სიტყვებით, ტყვეთა ბანაკში მათთან
ხშირად მიდიოდნენ ემიგრანტები გოგი(გიორგი) ჭირაქაძე და ლეო ბალარჯიშვილი. ჭირაქაძეს
მისთვის უთქვამს: ,,შენ ჩემო ძმაო, წამოხვალ თუ არა ჩემთან?“, რაზეც დურგლიშვილს მაშინვე
თანხმობა მიუცია, რადგან ,,ბანაკში გავრცელებული იყო დეზინტერია და სხვა დაავადებები’’.[18]
მასალებში
დაცულ დოკუმენტებში ნათქვამია, რომ ეს ჯგუფი, რომელიც კახეთში უნდა გადმოესხათ ოთხკაციანი
უნდა ყოფილიყო, მაგრამ 1942 წლის 20 აგვისტოს, ჭირაქაძეს ,,სადესანტო ჯგუფის’’ მეხუთე
წევრად მიუყვანია ბაცაცაშვილი.[19]
თავის ჩვენებაში დაპატიმრებული ბაცაცაშვილი
ერთგან ამბობს: ,,პირადად მე მაქვს წითელარმიელის წიგნაკი ვიღაც ემიგრანტის ძმის, წაწალაშვილი
შალიკოს სახელით’’.[20]
ჭირაქაძემ, როგორც დოკუმენტებშია აღნიშნული, 1942 წლის 20 აგვისტოს ბაცაცაშვილი, როგორც
თავისი მეგობრის ემიგრანტ ნიკო (ნიკოლოზ) წაწალაშვილის ძმა, სიმფეროპოლის ტყვეთა ბანაკიდან
გამოიყვანა და ევპატორიაში წაიყვანა. როგორც ირკვევა ბაცაცაშვილმა ჭირაქაძეს, თავისი
თავი ნიკო (ნიკოლოზ) წაწალაშვილის ძმად ,,შეასაღა“, რათა ტყვეთა ბანაკიდან გასულიყო.
აღსანიშნავია, ასევე მოტყუვდა გერმანული საზღვაო დაზვერვა, რადგან საქართველოში დაპატიმრებულ
ბაცაცაშვილს თან აღმოაჩნდა, გერმანული დაზვერვისგან მიცემული წითელარმიელის ყალბი წიგნაკი
წაწალაშვილის გვარზე.
აღსანიშნავია, რომ ებანოიძე თავის ჩვენებებში
ბაცაცაშვილზე საუბარს ასე იწყებდა - ,,რაც შეეხება ბაცაცაშვილს ფსევდონიმით ,,წაწალაშვილი“,
იგი ჩვენთან 20 დღის დაგვიანებით მოიყვანა ემიგრანტმა ჭირაქაძემ’’.[21]
ებანოიძის ჩვენებაში ასევე
ნათქვამია: ,,ემიგრანტი წაწალაშვილი იმ ხანებში ადრე გადაფრენილა ბათუმში თავისი ჯგუფით.
ჭირაქაძესთვის უთქვამს ჩემი ძმა ,,პლენია“. ბაცაცაშვილს გაუგია და დაუხსომებია წაწალაშვილის
სახელი და გვარი. თავისი თავი წაწალაშვილად გაუსაღებია’’.[22]
ნიკო (ნიკოლოზ) წაწალაშვილის ჯგუფი ბათუმში არ გაფრენილა,
ისინი დასავლეთ საქართველოში სხვა ადგილზე ჩამოსხეს, სადაც რამოდენიმე თვის შემდეგ
დააპატიმრეს და დახვრიტეს. ჩვენს მიერ მოძიებულ იქნა ემიგრანტ
ნიკო (ნიკოლოზ) წაწალაშვილის შესახებ საარქივო მასალები. 1929 წელს, საქართველოდან
თურქეთის საზღვრის გავლით საფრანგეთში ჩასული ნიკო წაწალაშვილი იყო პოეტი. მისი ლექსები
ქვეყნდებოდა ემიგრანტულ პრესაში. აღსანიშნავია, რომ საქართველოს შსს არქივში დაცულ
ერთ-ერთ საარქივო საქმეში, არის ყოფილი ტყვე წითელარმიელის გელოვანის ჩვენება, სადაც
იგი ამბობს, რომ ტყვეთა ბანაკიდან სადაზვერვო სკოლაში მისი გადაყვანის შემდეგ, სკოლაში
მოვიდა ემიგრანტი ნიკო წაწალაშვილი, რომელმაც დაიწყო სადაზვერვო სკოლაში მყოფი პირების
სისტემატური მონახულება. გელოვანი ასევე უჩვენებდა, რომ წაწალაშვილი ამბობდა - გერმანია
აუცილებლად გაიმარჯვებდა და იგი დიდი ენთუზიაზმით იბრძოლებდა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ,
რომ შური ეძია კომუნისტებზე. ამასთან, წაწალაშვილი სადაზვერვო სკოლის მსმენელებს:
,,უკითხავდა კონტრევოლუციურ ლექსებს ჩოლოყაშვილზე და სხვებზე. ამბობდა, რომ ეს ლექსები
მან დაწერა, რომ საბჭოთა წყობა მონური წყობაა და იქ ცხოვრება შეუძლებელია“.[23]
მასალების მიხედვით, თელავის
რაიონის გომბორის უღელტეხილის ტერიტორიაზე მდებარე, აშროშანის ტყეში ჩამოსხმული გერმანული
დესანტის ხელმძღვანელის გიორგი სამსონის ძე ჭირაქაძე, 1909 წელს თბილისში დაბადებულა.
იგი იზიარებდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის (მენშევიკები) იდეოლოგიას. რამოდენიმე წელი
მუშაობდა ინკასატორად შორაპნის რკინიგზაზე. ჭირაქაძე თავის ჩვენებაში ამბობდა, რომ
1930 წლის სექტემბერში შეხვედა მეზობლებს - ტარიელ ჟღენტს და ვალერიან ღლონტს.[24]
საუბრისას გაურკვევია,
რომ ისინი აჭარის ტერიტორიიდან საზღვარგარეთ აპირებდნენ ემიგრირებას. მათთან ერთად
წასულა და საზღვარზე რამოდენიმე დღიანი ლოდინის შემდეგ, სამივე თურქეთში გადასულან.[25]
თურქეთში იგი შეხვედრია
საქართველოდან მასავით არალეგალურად გადასულ სხვა პირებს. მათ შორის, იმ ადამიანებს
ვინც საფრანგეთში დევნილობაში მყოფი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელმძღვანელების
მიერ გარკვეული დავალებით იყვნენ გაგზავნილი საქართველოში და უკან გაბრუნდნენ. იგი
სხვებთან ერთად ასახელებს
ძმებს შალვა და ტიტე ბერიშვილებს. ჭირაქაძე
უჩვენებდა: ,,1930 წელს სტამბულში შეხვდა
ქართველ ემიგრანტებს - შალვა ბერიშვილს და დავით ერქომაიშვილს. შალვა ბერიშვილი მოყვა,
რომ გადავიდნენ საზღვარზე გურიის რაიონში და იყვნენ საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე.
მათ ნოე რამიშვილის დავალებით დაამყარეს კავშირი მენშევიკურ იატაკქვეშეთთან საქართველოში.
... ბერიშვილი საუბარში ხშირად ახსენებდა პარტიულ მეტსახელებს ,,ულვაშა“ და ,,წვერი“,
მაგრამ ვინ იგულისხმებოდა ამ მეტსახელების ქვეშ მან ჭირაქაძემ არ იცის“.[26] ტიტე ბერიშვილზე დასახელებულ
ჩვენებაში ასევე წერია: ,,ტიტე ბერიშვილი
სტამბულიდან საფრანგეთში წავიდა. იქიდან კი პოლონეთში, სადაც ნოე ჟორდანიას დახმარებით
მიიღო სტიპენდია“.[27]
ჭირაქაძე და მისი თანმხლები
პირები, ემიგრაციაში მყოფი საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლების
დახმარებით, თურქეთიდან გადასულან საფრანგეთში. აქ მას უმუშავია, რენოს“ ავტომობილების
ქარხანაში სხვა ქართველებთან ერთად: სევერიან ჭირაქაძე, გიგო ჟორდანია, შოთა ბერეჟიანი,
მიხეილ ბახტაძე, კოლია თაყაიშვილი, სერგო მათიკაშვილი და სხვები.[28]
1941 წლის 10 მარტში მასთან მისულა მიხეილ კედია,
რომელსაც გერმანიაში გასაგზავნად შეუგროვებია
მუშები. მას ჭირაქაძესთან ერთად სანდრო დემეტრაშვილი და სევერიან ურუშაძე შეურევჩია.
ისინი გაუგზავნია გერმანიაში, სადაც ჭირაქაძეს ქალაქ ბერლინში ავტოსარემონტო სახელოსნოში
დაუწყია მუშაობა.[29]
ჭირაქაძე თავის ჩვენებაში აღნიშნავდა, რომ მისი
გერმანიაში ყოფნის დროს იგი შეხვედრია სოსო გვარამაძეს, რომელსაც შეუდგენია ქართველი
ემიგრანტების სია 15-20 კაცის ოდენობით. სია გერმანიის არმიის გენერალური შტაბის საზღვაო
დაზვერვის განყოფილებში წარუდგენია და ჭირაქაძე
1941 წლის ივლისში გამოუძახიათ, შტეტინში მდებარე გერმანიის არმიის გენერალური შტაბის
საზღვაო დაზვერვის განყოფილებაში.[30]
ჭირაქაძე ჩასულა შტეტინში[31]
და აქ მდებარე სამხედრო დაზვერვის და კონტრდაზვერვის ორგანოს (,,აბვერ’’) საზღვაო დაზვერვის
განყოფილების სადაზვერვო სკოლაში, სხვა ქართველებთან ერთად, რადიოგადაცემის
შემსწავლელ კურსებზე დაუწყია სწავლა, რომელიც ვერ დაუმთავრებია, რადგან აღმოაჩნდა ცუდი
სმენა. ჭირაქაძის ეს ჩვენება დასტურდება მასთან ერთად შტეტინში მდებარე სადაზვერვო
სკოლაში მყოფი პირის, მისი მეგობრის ნიკო (ნიკოლოზ) წაწალაშვილის ჩვენებითაც. არსანიშნავია,
რომ ჩვენს მიერ მოძიებული მასალებიდან, კერძოდ ნიკო წაწალაშვილის ჩვენებებიდან ჩანს,
შტეტინში მდებარე სამხედრო დაზვერვის და კონტრდაზვერვის ორგანოს (,,აბვერ’’)
საზღვაო დაზვერვის განყოფილების სადაზვერვო სკოლაში რადიოსაქმეს სწავლობდნენ ემიგრაციაში
მყოფი: სოსო გვარამაძე, ლევან ბალარჯიშვილი, მიხეილ გრიგოლაშვილი, ჩოჩია და სხვები.[32]
ჭირაქაძე 1942 წლის ივნისში კვლავ გამოძახებიათ,
შტეტინში საზღვაო დაზვერვის განყოფილებაში, სადაც მიიღო შესაბამისი დოკუმენტები და გაგზავნილ იქნა სიმფეროპოლში ,,აბვერ’’-ის
შავი ზღვის აუზის დაზვერვის განყოფილების უფროს
კაპიტან ბოდეს განკარგულებაში.[33]
სიმფეროპოლში ყოფნისას ჭირაქაძეს, მისი სიტყვებით
უცდია დაკავშირებოდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის (მენშევიკები) ხელმძღვანელობას საფრანგეთში.
წერილიც კი გაუგზავნია, ამ პარტიის საზღვარგარეთული ბიუროს წევრ ვალიკო ინწკირველთან.
წერილში ატყობინებდა, რომ მას უპირებდნენ საქართველოში გადაგზავნას და ითხოვდა მითითებებს,
თუ როგორ მოქცეულიყო საქართველოში ,,გადასროლის’’ შემთხვევაში. ვალიკო ინწკირველი ჩასულა სიმფეროპოლში,
შეხვედრია ჭირაქაძეს, თუმცა ამ უკანასკნელის სიტყვებით ინწკირველს მისთვის რაიმე ქმედითი
დახმარება ვერ გაუწევია.[34]
ჭირაქაძის
ჩვენებაში ვკითხულობთ, რომ 1942 წლის 15 აგვისტოს სიმფეროპოლში მასთან ჩასულა ვალიკო
ინწკირველი და გაჩერებულა იქ მცხოვრებ სერგო ხუბულავასთან. ვალიკო ინწკირველს შეხვედრისას
ჭირაქაძესთვის უთქვამს, რომ ერთადერთი ადამიანი, ვისაც საქართველოში მენშევიკების საზღვარგარეთის
ბიურო ენდობოდა და ვისთანაც შეეძლო ჭირაქაძეს საქართველოში ,,გადასროლის“ შემთხვევაში
კავშირზე გასულიყო იყო ჩიტო, იგივე ქრისტინე შარაშიძე. მხოლოდ მისი მეშვეობით შეეძლო
ჭირაქაძეს დაემყარებინა კავშირი საქართველოში მოქმედ მენშევიკების იატაკქვეშა ცენტრალურ
კომიტეტთან, რომელიც შვიდი ადამიანით ყოფილა დაკომპლექტებული - ხუთი წევრით და ორი
წევრობის კანდიდატით. იმისათვის, რომ ჩიტო შარაშიძეს მისთვის დაეჯერებინა, ჭირაქაძეს
უნდა დაესახელებინა იატაკქვეშა ცენტრალურ კომიტეტის წევრების მეტსახელები: ,,წვერა“,
,,ულვაშა“, ,,თეთრი“ და სხვა სახელები.[35]
ჭირაქაძე თავის ჩვენებაში საუბრობს ასევე სერგო
ხუბულავაზე, როგორც ყოფილ სოციალ-დემოკრატზე, რომელიც საბჭოთა ხელისუფლების მიერ იყო
გასამართლებული.[36] ჩვენ მოვიძიეთ,
გერმანიაში საბჭოთა
არმიის
საოკუპაციო
დაჯგუფების, საბჭოთა სამხედრო კონტრდაზვერვის
,,სმერშ’’-ის კონტრდაზვერვის სამმართველოს 1945
წლის სექტემბრით დათარიღებული საარქივო საქმე სერგო ხუბულავას შესახებ.[37]
აღნიშნულ
საქმეში ვკითხულობთ:
,,სერგო ხუბულავა ცხოვრობდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე სიმფეროპოლში. მან უღალატა საბჭოთა სამშობლოს, გადაბირებულ იქნა გერმანიის დაზვერვის “Nachrichtenbeobachter”-ის მიერ. ეწეოდა აგენტურის გადაბირებას დასახელებული დაზვერვის ორგანოსთვის წითელი არმიის ზურგში გადასასროლად, დაზვერვითი ხასიათის დავალებების შესასრულებლად’’.[38]
ძალიან საინტერესოა ს. ხუბულავას ჩვენებები, სადაც
იგი ასახელებს სხვადასხვა პირებს და მათ შორის ემიგრანტებს. კერძოდ, აღიარებს რომ იცოდა
ყირიმში განლაგებული იყო ,,ქართული ლეგიონი’’ და ,,ბერგმანი’’. ასახელებს შალვა დადიანს, გივი გაბლიანს,
გოგი მაღალაშვილს, მიხეილ კედიას, მიხეილ ანჯაფარიძეს
და სხვებს.[39]
ამავე საარქივო საქმეში დაცულია, გერმანული
საზღვაო დაზვერვის მიერ გადაბირებული ყოფილი სამხედრო ტყვე ხოჯავას ჩვენება, რომელიც
თავის მხრივ უჩვენებდა, რომ მის გადაბირებაში სიმფეროპოლის ტყვეთა ბანაკში მონაწილეობდნენ
აპოლონ ორაგველიძე და სერგო ხუბულავა.[40]
ამრიგად, როგორც ვნახეთ ჩვენს
მიერ მოძიებული საარქივო მასალები, ქართული
ემიგრაციის წარმომადგენლების ნაწილის
თანამშრომლობის შესახებ, გერმანიის არმიის
საზღვაო დაზვერვის და კონტრდაზვერვის ორგანოს ,,აბვერი“-ს სტრუქტურებთან საკმაოდ
საინტერესო ინფორმაციებს შეიცავს. ვფიქრობთ, რომ აუცილებელია ამ მიმართულებით კვლევების
გაგრძელება და დამატებითი მასალების გამოზეურება, რომლებიც ნათელს მოფენს ქართული ემიგრაციის
ისტორიის აქამდე უცნობ ფურცლებს.
[1] ,,გერმანული დესანტი
კახეთში (ქართველები მეორე მსოფლიო ომში)’’ ჯავახიშვილის
სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის
და საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომები, თენგიზ სიმაშვილი, ტ. XVII თბილისი 2021, გვერდები 247-285
[2] შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი 14, აღწერა
16, საქმე 181, გვერდი 3
[3] შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი 14, აღწერა
16, საქმე 181, გვერდი 5
[4] შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი 14, აღწერა
16, საქმე 192, გვერდი 10
[5] შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი 14, აღწერა
16, საქმე 192, გვერდი 11
[6] Щит
- надежный, меч - острый : Чекисты Грузии на страже завоеваний Великого
Октября, Тбилиси, Сабчота Сакартвело, გვერდი 109
[7] ‘’Абхазия
в великой отечественной войне (1941–1945 гг.) Посвящается 70-летию Победы в
великой отечественной войн’’, В . М . Пачулия, сухуми 2015, გვერდები 109-111
[8] ‘’Абхазия
в великой отечественной войне (1941–1945 гг.) Посвящается 70-летию Победы в
великой отечественной войн’’, В . М . Пачулия, сухуми 2015, გვერდები 109-111
[9] შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი 6, საქმე
42/1265, ტომი 1, გვერდი 8
[10] შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი
6, საქმე 42/1265, ტომი 1, გვერდი 236
[11] ,,გერმანული დესანტი
კახეთში (ქართველები მეორე მსოფლიო ომში)’’ ჯავახიშვილის
სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის
და საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომები, თენგიზ სიმაშვილი, ტ. XVII თბილისი 2021, გვერდები 247-285
[12] შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი
6, საქმე 42/1265, ტომი 1, გვერდი 197
[13] შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი
6, საქმე 42/1265, ტომი 1, გვერდი 69
[14] შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი 6, საქმე 42/1265, ტომი 1, გვერდი 75
[15] შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი
6, საქმე 42/1265, ტომი 1, გვერდი 87
[16] შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი
6, საქმე 42/1265, ტომი 1, გვერდი 268
[17] შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი
6, საქმე 42/1265, ტომი 1, გვერდი 268
[18] შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი
6, საქმე 42/1265, ტომი 1, გვერდი 268
[19] შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი
6, საქმე 42/1265, ტომი 1, გვერდი 384
[20]
შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი 6, საქმე
42/1265, ტომი 1, გვერდი 385
[21] შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი
6, საქმე 42/1265, ტომი 1, გვერდი 77
[22] შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი 6, საქმე
42/1265, ტომი 1, გვერდი 79
[23] შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი 6, საქმე
42/11301, ტომი 1, გვერდი 6
[24] ამ სახელების
და გვარების მქონე პირების საფლავები არის ლევილის ე.წ. ,,ქართველების სასაფლაოზე’’
[25] შინაგან საქმეთა
სამინისტროს არქივი, ფონდი 6, საქმე 42/1265, ტომი 1, გვერდი 450
[26] შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი
6, საქმე 42/1265, ტომი 1, გვერდი 459
[27] შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი
6, საქმე 42/1265, ტომი 1, გვერდი 461
[28] შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი 6, საქმე
42/1265, ტომი 1, გვერდი 455
[29] შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი
6, საქმე 42/1265, ტომი 1, გვერდი 456
[30] შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი
6, საქმე 42/1265, ტომი 1, გვერდი 456
[31] შტეტინი, თანამედროვე პოლონური
ქალაქი - შჩეცინი, შეცინი, 1945 წლამდე იყო გერმანიის პორტი ბალტიის ზღვაზე. აქ
1940 წლის დეკემბერში, სამხედრო დაზვერვის და კონტრდაზვერვის ორგანოს (,,აბვერ’’) საზღვაო
დაზვერვის განყოფილებამ ჩამოაყალიბა სადაზვერვო სკოლა. მასში იწვრთნებოდნენ მზვერავი-დივერსანტები
და რადისტები. სკოლაში ჩარიცხვის შემდეგ აგენტებს აძლევდნენ მეტსახელებს, ყალბ პასპორტებს.
სწავლის ვადა იყო ექვსი თვე
[32] შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი 6, საქმე
42/11301, ტომი 1, გვერდი 41
[33] შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი
6, საქმე 42/1265, ტომი 1, გვერდი 457
[34] შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი
6, საქმე 42/1265, ტომი 1, გვერდი 458
[35] შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი
6, საქმე 42/1265, ტომი 1, გვერდი 459
[36] შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი
6, საქმე 42/1265, ტომი 1, გვერდი 461
[37] შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი
6, საქმე 45437
[38] შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი
6, საქმე 45437, გვერდი 3
[39] შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი
6, საქმე 45437, გვერდი 48
[40] შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი
6, საქმე 45437, გვერდი 49
Representatives of Georgian Immigration During World War II
(According
from Documents of the Ministry of Internal Affairs)
During
World War II, some representatives of the Georgian imigration actively cooperated with various agencies of the German
Army (Wehrmacht). It is known that the naval intelligence and
counter-intelligence body of the German army "Abwehr" prepared and
sent various subversive groups to the territory of Georgia. Among them, the
most famous are Tamara I and Tamara II. Our newly searched archival materials
provide us with interesting information about persons included in these groups
who were "sent" to the territory of Georgia during the Second World
War: N. Tsatsalashvili, M. Kereselidze and others.
Relatively less is known about the "Nachrichtenbeobachter" (abbreviated - NBO) naval intelligence unit of "Abveris", which trained Georgian imigrants and Prisoners of War in Simferopol intelligence-sabotage camp in 1942-1943 and sent by airplanes in Georgia.
From
the archival materials we found in the archives of the Ministry of Internal
Affairs, it was found out that the "Nachrichtenbeobachter" naval
intelligence unit of the "Abwer" was recruiting volunteers from the
prisoner of war camps on the Crimean peninsula through immigrants, who then
underwent special training in intelligence-sabotage schools. The former
prisoners of war, who received appropriate education and were trained in
intelligence-subversive activities, were sent to the rear of the "Red
Army" in groups of several people under the leadership of the emigrants.
They
were sent mainly carried out in the
so-called "Saki" airfield through airplanes. In this way,
"Nachrichtenbeobachter" "sent" several groups to Georgia,
most of whose members were ceptured locally by so-called the "Destroying
Battalions", which killed or arrested those groups members.
The
archival materials contain the interrogation protocols of the arrested members
of the above-mentioned intelligence-subversive groups, documents confiscated
from them during their arrest, and other materials that mention immigrants: L.
Balarjishvili, L. Akhmeteli, Sh. Berishvili and others. The analysis of the
mentioned archival documents is very interesting for the better
study-reevaluation of activities Georgian imigration and the relevant research
period.
Comments
Post a Comment