გერმანული დესანტი კახეთში (ქართველები მეორე მსოფლიო ომში)

 თენგიზ სიმაშვილი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,   

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის და საქართველოს ისტორიის 

ინსტიტუტის შრომები, . XVII  თბილისი. 2021

 


გერმანული დესანტი კახეთში (ქართველები მეორე მსოფლიო ომში)

 

     2021 წელს 22 ივნისს, გერმანიის თავდასხმიდან საბჭოთა კავშირზე 80 წელი გავიდა. უამრავი ქართველი ჯარისკაცი შეიწირა მეორე მსოფლიო ომმა. ქართველები იბრძოდნენ, როგორც  საბჭოთა კავშირის ,,წითელი არმიის“, ასევე ფაშისტური გერმანიის ,,ვერმახტის“ რიგებში.

      დღემდე კამათის საგანია, თუ ვინ იყვნენ გერმანელების მხარეს მებრძოლი ქართველები - პატრიოტები თუ მოღალატეები? გამოსარკვევია, თუ რა მიზეზები აპირობებდა მათ ბრძოლას გერმანული ,,ვერმახტის“ რიგებში? და სხვ. ასევე არ არის სიღრმისეულად შესწავლილი ქართველების თანამშრომლობა გერმანული არმიის დაზვერვის სამსახურის ქვედანაყოფებთან.

..............................

       ქალაქ თელავის  აღმოსავლეთით, ,,ნადიკვრის“ სახელობის პარკის გვერდით მდებარეობს მცირე გორა, რომელსაც ,,გიგოს გორას’’ ეძახიან. (რუსეთის იმპერიის პერიოდში ეს ადგილი თავად გიგო ვახვახიშვილს საკუთრება იყო. შესაბამისად, ,,გიგოს გორას“ ამიტომ უწოდებდნენ) აქ, 1920-იან წლებში ხვრეტდნენ თელავის მაზრის მცხოვრებლებს - ძირითადად საბჭოთა ხელისუფლებისთვის მიუღებელ პირებს. 1924 წლის აგვისტოს შეიარაღებულ აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით, სწორედ ,,გიგოს გორაზე“ დახვრიტეს და აქვე ჩამარხეს უამრავი თელაველი. (თელავში 1924 წლის რეპრესიების და ,,გიგოს გორაზე“ დახვრეტების ისტორიით დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ ნახოთ ჩემი კვლევა: თენგიზ სიმაშვილი, ,,1924 წლის სისხლიანი სექტემბერი თელავში'', ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის და საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომები, ტ. XVI, 2020)

      ,,გიგოს გორაზე“ დახვრეტილ ბოლო მსხვერპლს კი, ქალაქ თელავთან არაფერი აკავშირებდა. თუმცა, თელავის მოსახლეობის მეხსიერებაში შემორჩა ზეპირი გადმოცემა, რომ იმ ადგილზე, სადაც 1920-იან წლებში საბჭოთა ხელისუფლების ძალისმიერი ორგანოები ხვრეტდნენ თელაველებს, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, 1942 თუ 1943 წელს, გერმანელების მიერ თვითმფრინავით გადმოსმული დესანტის ერთ-ერთი წევრი დახვრიტეს. როგორც დამახასიათებელია მსგავსი ზეპირი გადმოცემისთვის, თვითმხილველების და მათი შთამომავლების მონაყოლში ბევრი რამ ერთმანეთს ემთხვევა, გარკვეულწილად კი განსხვავებულია. (2013 წელს ,,საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის’’ მკლევარმა ირაკლი ხვადაგიანმა ჩაიწერა ამ თემაზე თელაველების მონაყოლი ზეპირი ისტორიები, რასაც უშუალოდ ვესწრებოდი. ,,გიგოს გორა“ https://vimeo.com/122046995?fbclid=IwAR11pdnI1tnQH35eB6JflYKTz-jif8qnaHQprliJNp8HQJWxugj3rzW0UtU)

      ამ ამბის ერთ-ერთი თვითმხილველის მეხსიერებაში, რომელიც უშუალოდ შეესწრო ,,გიგოს გორაზე’’ ამ დახვრეტას, შემორჩა ინფორმაცია, რომ დახვრეტილი იყო ,,გერმანული დესანტის“ წევრი გვარად ,,ჭირაქაძე“. (საუბარია ერთ-ერთ ინტერვიუერზე - ბატონ კაკო სესიკაშვილზე )

       სხვა პირების მონათხრობით ,,ცივის მთაზე’’ ტყეში, საუბარია იმ მთის კალთაზე, რაზეც გაშენებულია ქალაქი თელავი, მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანულმა თვითმფრინავმა, ორი პირი გადმოსვა. ერთ-ერთი იყო წოდებით პოლკოვნიკი, რომელმაც ტყიდან თავისი თანაშემწე გააგზავნა რადიოგადამცემის ანტენის საშოვნელად ქალაქ თელავში. ეს უკანასკნელი კი, ადგილობრივ - თელავის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატში (შინსახკომი) გამოცხადდა, პოლკოვნიკი დააბიზღა და დააჭერინა.

        სხვა თელაველების სიტყვებით თელავში ,,გიგოს გორაზე’’ ,,გერმანული დესანტის’’ წევრის დახვრეტის შესახებ, ინფორმაცია წინასწარ გავრცელებულა. ზოგი ამბობს, გაზეთში დაიბეჭდაო, ზოგი კი, ქალაქში გამოაკრეს განცხადებებიო. ამასთან, ადასტურებენ, რომ ,,გიგოს გორაზე’’ - დახვრეტის ადგილზე, ბევრი ადამიანი შეკრებილა.

      ამ ზეპირ გადმოცემებში, ,,გიგოს გორაზე’’ მეორე მსოფლიო ომის დროს ,,გერმანული დესანტის“ წევრის დახვრეტის სცენაც თითქმის ერთნაირადაა აღწერილი. აღვნიშნავ, რომ ერთი მონათხრობით, რომელიც სტუდენტობის პერიოდში მე პირადად მომისმენია, ჩემი ლექტორის ვაჟა ხაჩიძისგან, დახვრეტის წინ, როდესაც წაიკითხეს განაჩენი და გაიცა ბრძანება - ,,სიკვდილი სამშობლოს მოღალატეს!“, დასახვრეტად გამზადებულ, თეთრი პერანგის ამარა მდგარ ხელებშეკრულ ჭირაქაძეს მოუსწრია და წამოუძახია -,,მე საქართველო მიყვარს, მოღალატე არ ვარ, ისტორია გაარკვევს ვინ არის მოღალატე!“.

        მეორე ზეპირი ისტორიის თანახმად, განაჩენის გამოცხადების შემდეგ, დასახვრეტად გამზადებულ პირს, ანუ ჭირაქაძეს წამოუძახია - ,,მაგას კიდევ ისტორია იტყვის ,მოღალატე მე ვარ, თუ თქვენ ხართ!“-ო.

        სწორედ ამ სიტყვების შემდეგ გაისმა თოფების ზალპი, რომელმაც ვერ გადაფარა საბჭოთა ხელისუფლების მცდელობა, ამ ადამიანის დახვრეტა თავისი იდეოლოგიური მიზნებისთვის გამოეყენებინა. მართალია, იგი ფიზიკურად მოსპეს, მაგრამ თელავის მოსახლეობამ მასში სულიერად განადგურებული, დამფრთხალი და შეშინებული მტერი ვერ დაინახა, რასაც ადასტურებს ზემომოყვანილი ზეპირი ისტორიების შინაარსი. მეტიც, დახვრეტილის მიერ წარმოთქმული ბოლო სიტყვები, თვითმხილველებმა და მათმა შთამომავლებმა ათეული წლების შემდეგაც კი შემოინახეს.

     დახვრეტის შემდეგ მიცვალებულის სხეული, დახვრეტის ადგილზე, იქვე სახელდახელოდ გათხრილ სამარეში ჩააგდეს, მიწა წააყარეს და მცირე ბორცვი გაჩნდა ,,გიგოს გორის’’ სამხრეთ ფერდობზე. მხოლოდ ზეპირ ისტორიად შემორჩა თელავს ეს ამბავი, რადგან სამარის ადგილზე არსებული ბორცვი  1960-იან წლებში გაქრა. (,,გივი ჩოხელის სახელობის“ ფეხბურთის სტადიონის მშენებლობამ და იქ დარგულმა ხეებმა საერთოდ შეცვალა იმ ადგილის შემოგარენი. თუმცა, საფლავის მდებარეობა ამ რამოდენიმე წლის წინ მაპოვნინა, ზემონახსენებ თელაველების მონათხრობის ჩანაწერის ერთ-ერთმა რესპონდენტმა ბატონმა არსენ ყველიაშვილმა)

      სწორედ ეს მწირი, მაგრამ ერთდროულად ტრაგიკული და ისტორია იქცა ჩემთვის ამ პიროვნების შესახებ ინფორმაციის მოძიების დასაწყებად, რომელმაც გერმანული არმიის საზღვაო დაზვერვის ორგანოს, ე.წ. ‘’Nachrichtenbeobachter" (NBO)-ს საქართველოში საქმიანობის ,,კვალთან’’ მიმიყვანა. (Nakhrikhtenbeobachter" (შემოკლებით - NBO), საზღვაო დაზვერვის ორგანო, ჩამოყალიბდა 1941 წლის ბოლოს - 1942 წლის დასაწყისში ბერლინში. შემდეგ გაგზავნეს სიმფეროპოლში, განლაგებული იყო 1943 წლის ოქტომბრამდე ქუჩაზე ,,სევასტოპოლსკაია’’ #6. ის იყო ვერმახტის უმაღლეს სარდლობას დაქვემდებარებული სამხედრო დაზვერვის და კონტრდაზვერვის ორგანოს (აბვერ) საზღვაო დაზვერვის განყოფილება. ოპერატიულად, საზღვაო დაზვერვის ეს ორგანო უშუალოდ ექვემდებარებოდა ,,აბვერ-საზღვარგარეთის“ სამმართველოს და მიმაგრებული იყო ადმირალ შუსტერის შტაბზე, რომელიც მეთაურობდა სამხრეთ-აღმოსავლეთის აუზში განლაგებულ გერმანიის საზღვაო ძალებს. ქვედანაყოფს 1943 წლის ბოლომდე მინიჭებული ჰქონდა საველე ფოსტის ნომერი 47585, რომელიც დასტურდება ჩვენი კვლევის მასალებითაც. (იხილეთ დოკუმენტი #1)

     ,,აბვერ’’-ის საზღვაო დაზვერვის ამ ქვედანაყოფს,1942 წლის ივლისამდე მეთაურობდა იყო საზღვაო სამსახურის კაპიტანი ბოდე, ხოლო 1942 წლის ივლისიდან - კორვეტ-კაპიტანი რიკ(გ)ჰოფი.

       სხვა სახის სადაზვერვო საქმიანობასთან ერთად, ეს ქვედანაყოფი აგროვებდა სამხედრო ტყვეებიდან მოხალისეებს, რომლებიც გადიოდნენ სპეციალურ მომზადებას სიმფეროპოლში და მის მიმდებარე ტერიტორიებზე არსებულ სკოლებში, პოლიგონებზე. შესაბამის სწავლა-გავლილ და მომზადებულ აგენტებს 3-4 კაციან ჯგუფებად აგზავნიდნენ წითელი არმიის ზურგში ,,სამუშაოდ“. მათი გადასროლა ხორციელდებოდა თვითმფრინავების, სახმელეთო გზის, ან ზღვაზე კატერების მეშვეობით. როგორც წესი, გადასროლილ  ჯგუფებში ერთ-ერთი იყო რადისტი, რომელსაც თან ჰქონდა პორტატული რადიოგადამცემი. აგენტებთან ურთიერთობას ამყარებდნენ ქერჩის, სიმფეროპოლისა და ანაპას რადიოსადგურების საშუალებით.

კვლევის პროცესში აღმოჩნდა, რომ გერმანული არმიის საზღვაო დაზვერვის ორგანოს, ე.წ. ‘’Nachrichtenbeobachter" (NBO)-ს საქართველოში რამდენიმე ჯგუფი ,,გადაუგზავნია’’, თუმცა მათ შემადგენლობას და საქმიანობას აქ არ შევეხები. მხოლოდ აღვნიშნავ, რომ ჩემს მიერ მოძიებული მასალები საკმაოდ საინტერესოა და საჭიროებს დამატებითი კვლევების ჩატარებას)

    სწორედ გერმანული არმიის საზღვაო დაზვერვის ორგანოს ,,Nachrichtenbeobachter" (NBO) -ის სიმფეროპოლის სადაზვერვო ბანაკში მოამზადეს და 1942 წლის 17 სექტემბერს თვითმფრინავით ,,გადმოგზავნეს’’ ქართველების ერთი ჯგუფი საქართველოში, კახეთში.

       დოკუმენტურად ეს ისტორია გამოვიკვლიე დიდი ხნის კვლევის, ძიების და ძებნის შემდგომ. ვიცოდით მხოლოდ თელავში დახვრეტილი ადამიანის გვარი - ,,ჭირაქაძე’’, მაგრამ 1942-1943 წლებში გამომავალ ცენტრალურ და ადგილობრივ გაზეთებში, ვერავითარ ინფორმაციას ვერ მივაკვლიე. მხოლოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში აღმოჩნდა ,,შინსახკომის’’ საგამოძიებო, ახლა კი უკვე ,,საარქივო საქმე #42/1265’’, (შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი 6, საქმე 42/1265, ტომები 1, 2,3,4,5)

რომლის დამუშავების და ანალიზის შედეგად, ამ და სხვა საარქივო საქმეებში ჩვენი კვლევის ობიექტთან და პიროვნებებთან დაკავშირებული სხვადასხვა მასალები მოვიძიეთ.

       ზემოდასახელებული საარქივო საქმის მიხედვით, 1942 წლის 27 სექტემბერს, ღამის 1 საათზე, თელავის ,,შინსახკომში’’ გამოცხადდა ორი პირი - ფიცხელაური და ბაცაცაშვილი. (სხვადასხვა მიზეზების გამო კვლევაში ამ საქმის უშუალო ფიგურანტების მხოლოდ გვარს ვწერ. მათ შორის, იმიტომ რომ, ჩემი აზრით - არავინ იცის იმ დროს და იმ სიტუაციაში, ვინ როგორ მოიქცეოდა, რადგან ეს იყო ძალიან რთული და სასტიკი ეპოქა; და მეორე - ამჟამად მიმდინარეობს აღნიშნული პერიოდის შესწაავლა-გადაფასების პროცესი და შესაძლებელია კვლევაში მოხსენიებული პირების შთამომავლები არ არიან თანახმა შეცვალონ წარმოდგენა თავისი წინაპრების საქმიანობაზე. ამიტომ,  ვისაც შედარებით სრული ინფორმაციის მიღება სურთ კვლევაში ნახსენებ ადამიანებზე, შეუძლიათ მიმართონ შესაბამის საარქივო დაწესებულებას)

       ე.წ. ,,დაკავების აქტში“ ნათქვამია - ,,გამოცხადებულებმა განაცხადეს, რომ ისინი 1942 წლის 17 სექტემბერს გერმანულმა თვითმფრინავმა გადმოსხა პარაშუტით საჯაშუშო-დივერსიული საქმიანობის საწარმოებლად. მათთან ერთად გადმოსხდნენ გერმანიის არმიის მაიორი ,,ემიგრანტი ჭირაქაძე’’ და ორი ყოფილი სამხედრო ტყვე - ებანოიძე და დურგლიშვილი, რომლებიც იმყოფებიან გომბორის უღელტეხილზე მდებარე ტყეში’’. (შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი 6, საქმე 42/1265, ტომი 1, გვერდი 8)

      ამ დოკუმენტის მიხედვით, რომელსაც ხელს აწერენ თელავის ,,შინსახკომის’’ უფროსი, თელავის ,,გამანადგურებელი ბატალიონის’’ შტაბის უფროსი და ,,გამანადგურებელი ბატალიონის;; კომისარი, (გამანადგურებელი ბატალიონები იყო, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში შექმნილი საბჭოთა მოქალაქეების გასამხედროებული მოხალისე ფორმირებები. ძირითადად კომპლექტდებოდა პარტიული, საბჭოთა და პროფკავშირის აქტივისტებისაგან, რომლებიც შეიარაღებულ ძალებში გაწვევას არ ექვემდებარებოდნენ. ბატალიონის წევრებს ჰქონდათ იარაღის ტარების უფლება. ევალებოდათ წითელი არმიის ზურგში დივერსანტებთან, ჯაშუშებთან, დეზერტირებთან, ბანდიტებთან, სპეკულანტებთან ბრძოლა, სახელმწიფო და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა. გამანადგურებელი ბატალიონების უფროსებად ინიშნებოდნენ სხვადასხვა საბჭოთა დაწესებულების, ძირითადად ,,შინსახკომის’’ ხელმძღვანელები. ისინი ექვემდებარებოდნენ შესაბამისი რესპუბლიკის ,,შინსახკომის’’ სპეციალურ შტაბებს.)

     დასახელებულ პირებს მათთვის განუცხადებიათ - ,,მათ და კიდევ ორმა ყოფილმა ტყვემ, ჯერ კიდევ საქართველოში გამოფრენამდე მოილაპარაკეს მისვლა ,,შინსახკომში’’, ახლა კი გამოცხადნენ, რათა ხელი შეეწყოთ მათთან ერთად მყოფი ემიგრანტის ჭირაქაძის დაკავებაში“. (შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი 6, საქმე 42/1265, ტომი 1, გვერდი 8)

      ადგილობრივი ,,შინსახკომის’’ ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, 1942 წლის 27 სექტემბრის დილით ფიცხელაური და ბაცაცაშვილი, თელავის ,,შინსახკომის’’ და ,,გამანადგურებელი ბატალიონის’’ წევრებთან ერთად უკან გაბრუნდნენ გომბორის მთებში. დასახელებული პირები სოფელ აშროშანთან ტყეში მდებარე ქოხში შევიდნენ და დღის 12 საათზე გაისმა სროლის ხმა. ეს იყო ნიშანი და როდესაც საბჭოთა ხელისუფლების ძალისმიერი სტრუქტურების წარმომადგენლები ადგილზე მივიდნენ, მათ დაინახეს ძირს დაგდებული ხელებშეკრული პირი. იგი, როგორც შემდგომ გამოარკვიეს აღმოჩნდა ჭირაქაძე. ის გაკავებული ჰყავდა ფიცხელაურს.  ბაცაცაშვილი და კიდევ ორი სხვა ადამიანი იქვე ისხდნენ და მათ ელოდნენ. (შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი 6, საქმე 42/1265, ტომი 1, გვერდი 9)

      ხელებშეკრული პირი ,,ემიგრანტი ჭირაქაძე’’, მისი ჯგუფის წევრებთან ერთად დააპატიმრეს. ხუთივე თელავში წაიყვანეს და მოათავსეს ,,შინსახკომის’’ შენობაში არსებულ საკნებში.

       დაკავებული პირები იმავე დღეს - 27 სექტემბერს დაუკითხიათ. მათი პირველი დაკითხვის ოქმები, სწორედ ამ დღითაა დათარიღებული. საქმეში ასევე დაცულია დროის სხვა პერიოდით დათარიღებული დაკითხვის ოქმები,  მათი ჩხრეკის ამსახველი დოკუმენტაცია. დაკავებულებისათვის ჩამოურთმევიათ ფურცლზე დაწერილი რადიო-კოდი, რუსულ და გერმანულ ენაზე შევსებული დოკუმენტები. (იხილეთ დოკუმენტი #1) მათ შორის -  წითელარმიელების წიგნაკები მათი გვარებით, ფოტოსურათები წარწერებით. ასევე ჩამოურთმევიათ იარაღი - ავტომატი, პისტოლეტები, გერმანული რადიომიმღები და სხვა ნივთები. (შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი 6, საქმე 42/1265, ტომი 1, გვერდი 20)

        დაკავებული პირებიდან, ოთხნი ყოფილი ტყვე - ებანოიძე, ფიცხელაური, დურგლიშვილი და ბაცაცაშვილი იყვნენ. სწორედ მათი და ასევე ჭირაქაძის ჩვენებების მიხედვით ირკვევა, რომ ისინი 1942 წლის 17 სექტემბერის საღამოს, გერმანული თვითმფრინავით ქალაქ ევპატორიასთან მდებარე ე.წ. ,,საკის’’ აეროდრომიდან გამოფრინდნენ. გადმოსხმა საქართველოში სოფელ მელაანიის მახლობლად უნდა მომხდარიყო, თუმცა, იმის გამო, რომ გერმანულ თვითმფრინავს თბილისთან საბჭოთა საზენიტო არტილერიამ სროლა აუტეხა, პილოტმა გეზი დაკარგა და ისინი, ღამის 10 საათზე, იმ დროს თელავის რაიონის შემადგენლობაში შემავალი გომბორის უღელტეხილის ტერიტორიაზე მდებარე აშროშანის ტყეში გადმოსხდნენ პარაშუტებით. (აშროშანის ტყე, ეს ის ადგილია, რომელსაც კახეთში, შორეულ 1920-იან წლებში, ქაქუცა ჩოლოყაშვილი და მისი ,,შეფიცულები“ აფარებდნენ თავს)

 

......................................

   ,,გერმანული დესანტის’’ ამ ხუთ კაციანი ჯგუფის წევრიდან, ოთხი ყოფილი საბჭოთა წითელარმიელის ბიოგრაფია ერთმანეთს ძალიან ჰგავს.

     ამ პირების დაკავების დღით, 1942 წლის 27 სექტემბრით დათარიღებული, ერთ-ერთი პირველივე დაკითხვის ოქმი ,,ეკუთვნის’’ დასახელებული ჯგუფის წევრ ებანოიძეს. (შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი 6, საქმე 42/1265, ტომი 1, გვერდები 20-41)

       ამ და სხვა დოკუმენტების ანალიზიდან აშკარად ჩანს, რომ იგი დაკავებულებს შორის ყველაზე ,,აქტიური“ და ა.ვ. ,,პროსაბჭოთად განწყობილი“ პირი იყო. მეტიც,  შეიძლება ითქვას ებანოიძე ,,ხალისით“ თანამშრომლობდა გამოძიებასთან. საარქივო საქმეში გამომძიებლის მიერ ჩატარებული დაკითხვის ოქმების გარდა, მისი საკუთარი ინიციტივით დაწერილი ჩვენება-ავტობიოგრაფიის მსგავსი დოკუმენტის რამოდენიმე ათეული ფურცელია დაცული. (შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი 6, საქმე 42/1265, ტომი 1, გვერდები 71-111)

     ამ მასალებში ებანოიძის ბიოგრაფია საკმაოდ კარგადაა ასახული. მას დაუმთავრებია ერთ-ერთი პროვინციული პედაგოგიური ინსტიტუტი, სადაც უსწავლია ისტორიის ფაკულტეტზე და ფაკულტეტის კომკავშირის მდივანი ყოფილა. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ გაუგზავნიათ, რაიონში მდებარე სოფლის საშუალო სკოლის დირექტორად. მისი სიტყვებით - ,,1927 წლიდან იყო კომკავშირელი, 1941 წლის იანვარში გახდა კომუნისტური პარტიის წევრობის კანდიდატი, დღემდე პარტიის წევრია“. (შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი 6, საქმე 42/1265, ტომი 1, გვერდები 72, 74)

     1941 წელს ებანოიძე გადაუყვანიათ რაიონული გაზეთის რედაქტორად, საიდანაც ჯარში მალევე 1941 წლის სექტემბერში გაიწვიეს. მისი ნაწილი თავდაპირველად განლაგებული იყო ქალაქ წულუკიძეში,(ქალაქი ხონი) სადაც პოლკის კომისარმა და პოლკის მეთაურმა გამოიძახეს და რადისტის საქმიანობის შესასწავლად გააგზავნეს - როგორც კეთილსაიმედო პიროვნება. (შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი 6, საქმე 42/1265, ტომი 1, გვერდი 72)

      ებანოიძე მისი ინიციატივით დაწერილ, ასე ვთქვათ ,,ჩვენება-ავტობიოგრაფიაში’’ წერს შემდეგს - ,,1940 წლიდან რაიონში ვმუშაობდი ,,შინსახკომის’’ ორგანოში ,,სარკის“ სახელით. ასევე, ჯარში გაწვევის შემდეგ დივიზიაში ,,ზერკალას“ სახელწოდებით. ჩემს მიერ დადებული ხელწერილები და ჩატარებული მუშაობა შეგიძლიათ შეამოწმოთ დასახელებულ ადგილებზე’’. (შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი 6, საქმე 42/1265, ტომი 1, გვერდი 73) (იხილე დოკუმენტი #2)

      ანუ, ებანოიძე ტიპიური ,,შინსახკომის’’ აგენტი იყო - სამოქალაქო ცხოვრებაში აგენტურული მეტსახელით - ,,სარკე“, ხოლო ჯარში გაწვევისას კი, სარკის რუსული სახელით ,,ზერკალა“-თი ცნობილი. ბუნებრივია, რომ გარდა პარტიულობისა, სწორედ ამის გამოც ,,ენდობოდნენ’’ მას პოლკის კომისარი და პოლკის მეთაური. საბჭოთა ჯარის ნაწილებში, იმ დროს არც თუ ხშირი რადიო-გადამცემის ოპერატორის მოვალეობის დაკისრება, კომკავშირელის, თუ ბოლშევიკური პარტიის წევრისთვის მიღებული პრაქტიკა იყო. მეტიც, ებანოიძის სიტყვებით, იგი ასევე  ყოფილა შესაბამისი პოლკის ე.წ. ,,პოლიტხელის’’, ანუ ,,პოლიტიკური ხელმძღვანელის’’ თანაშემწე. (პოლიტიკური ხელმძღვანელი, შემოკლებით ,,პოლიტხელი’’ სსრკ-ს შეიარაღებული ძალების სამხედრო-პოლიტიკური თანამდებობა. იგი უფლებამოსილი იყო განახორციელებინა პოლიტიკური კონტროლი ქვედანაყოფების მეთაურების მოქმედებებზე, ეწეოდა ,,პოლიტიკურ განათლებას“ და ,,აკვირდებოდა’’ შესაბამისი ქვედანაყოფების შემადგენლობის მორალურ ,,მხარეს“. ფაქტობრივად ანხორციელებდა ,,პოლიტიკურ“ კონტროლს ჯარისკაცებზე და ოფიცრებზე)

     ებანოიძე თავის სამხედრო ნაწილთან ერთად, სადაც იგი ერთდროულად ასრულებდა რადისტის და ამავე დროს, ,,პოლიტხელის’’ თანაშემწის მოვალეობას საქართველოდან 1941 წლის დეკემბერში ,,გადაისროლეს’’ ქალაქ სევასტოპოლში. ებანოიძეს სხვა ჯარისკაცებივით უშუალოდ ბრძოლასთან შეხება არ ჰქონია - იგი წინა ხაზზე არ იყოფებოდა. თუმცა, 1942 წლის მაისში გერმანელების და რუმინელების საარმიო ნაწილების შეტევის დაწყების შედეგად, უკვე 1942 წლის 3 ივლისს, ის თავის სამხედრო ნაწილთან ერთად, ზღვის სანაპიროზე ალყაში მოექცა და ტყვედ ჩავარდა. თავდაპირველად ქალაქ ბახჩისარაის ტყვეთა ბანაკში მოხვდა. შემდეგ კი, სიმფეროპოლში არსებულ ტყვეთა ბანაკში გადაიყვანეს, სადაც ცუდი პირობები ყოფილა - ტყვეები შიმშილობდნენ და გავრცელებულა დეზინტერია. ებანოიძის სიტყვებით, იგი შიმშილისგან ისე დასუსტებულა, რომ ფეხზე ვერ დგებდა. ამ დროს, ,,მისულა მისი პოლკის ექიმი და უთქვამს - შენ მაინც კვდები, ბანაკში გავრცელებულია  დაავადებები და დეზინტერია, აქ ქართველი ემიგრანტია, ეძებს ქართველ რადისტს, წაყევი და შემდეგ შენს მოხერხებაზეა დამოკიდებული ყველაფერი’’-ო. (შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი 6, საქმე 42/1265, ტომი 1, გვერდი 75)

      მართლაც, ამ ბანაკში ებანოიძის სიტყვებით ,,ხშირად მიდოდა ჩინით მაიორი ქართველი ოფიცერი, რომელიც ეძებდა რადისტს’’. (შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი 6, საქმე 42/1265, ტომი 1, გვერდი 28)

       სწორედ ამ ადამიანს - ,,ემიგრანტ ჭირაქაძეს’’ შეხვედრია ებანოიძე და ,,დათანხმებულა ემუშავა გერმანიის სასარგებლოდ და საქართველოში ყოფილიყო გადმოსროლილი“. (შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი 6, საქმე 42/1265, ტომი 1, გვერდი 28) ებანოიძის სიტყვებით მისი ,,გადაბირების“ პროცესი დიდხანს არ გაგრძელებულა. ჭირაქაძე მას გასაუბრებია და შეკითხებია - ,,პარტიული ხომ არ ყოფილხარ? მეც ვუთხარი არა’’. სხვა კითხვები არ დაუსვამს.’’ (შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი 6, საქმე 42/1265, ტომი 1, გვერდი 76)

      როგორც ჩანს, ჭირაქაძემ ან არ იცოდა, ანდა არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ,,წითელ არმიაში’’ რადისტები, თითქმის ყოველთვის ბოლშევიკური პარტიის ,,სანდო“ ადამიანები - კომკავშირლები ან ბოლშევიკური პარტიის წევრები, უშიშროების ორგანოებთან დაკავშირებული პირები იყვნენ.

      ამ მცირე ,,გამოკითხვის“ შემდეგ, 1942 წლის 3 აგვისტოს ებანოძე, რომელიც მისივე სიტყვებით საკმაოდ დაუძლურებულ მდგომარეობაში იყო, ჭირაქაძემ წაიყვანა და სიმფეროპოლში მდებარე ,,საზღვაო დაზვერვის“ ორგანოს, სადაზვერვო სკოლის კუთვნილ საცხოვრებელ ფართში მიიყვანა. რამოდენიმე დღიანი დასვენების და კარგი კვების შემდგე, ებანოიძისთვის რადიოგადამცემის მოხმარებაში მცირე გამოცდა ჩაუტარებიათ და რადისტის მოვალეობის შესასრულებლად უცვნიათ ვარგისად. (შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი 6, საქმე 42/1265, ტომი 1, გვერდი 75)

       საინტერესოა, რომ მისი ჯგუფის სხვა წევრებისგან განსხვავებით, დაზვერვის ოფიცერს ებანოიძისთვის გერმანელებთან თანამშრომლობაზე ხელწერილის ჩამორთმევის გარდა, მისთვის მიუცია მეტსახელი ,,ვიქტორ“-ი. შეუვსია ანკეტა და მისი სიტყვებით - ,,ასე გახდა გერმანიის დაზვერვის აგენტი“. (შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი 6, საქმე 42/1265, ტომი 1, გვერდი 29)

     ამის შემდეგ, ებანოიძე გაუგზავნიათ ქალაქ სიმფეროპოლში სპეციალურ სკოლაში, სადაც გერმანიის დაზვერვა ამზადებდა რადისტებს სსრკ-ში, წითელი არმიის ზურგში ,,გადასასროლად’’. მასთან ერთად რადისტების ამ სკოლაში ოცდაერთ ადამიანს უსწავლია. ისინი სწავლობდნენ შესაბამის შიფრს და მორზეს ანბანს. ებანოიძეს უსწავლია ოცი დღე და სწავლის დამთავრების შემდეგ, მისი ჯგუფის წევრებთან ერთად საქართველოში ,,გადასასროლად“ გაუგზავნიათ ქალაქ ევპატორიაში, სადაც მდებარეობდა ,,საკის’’ აეროდრომი. (შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი 6, საქმე 42/1265, ტომი 1, გვერდი 28-29)

     გომბორის უღელტეხილზე, სოფელ აშროშანის მიდამოებში გადმოსხმული გერმანული დესანტის სხვა წევრი, ომამდე მწყემსად მომუშავე ფიცხელაური, 1941 წლის სექტემბერში ქალაქ ორჯონიკიძედან (ვლადიკავკაზი) გაუწვევიათ ჯარში. იგი ყოფილა ,,წითელი არმიის’’ რიგითი. 1942 წლის 30 ივნისს, ქალაქ სევატოპოლის მახლობლად, საჰაერო თავდასხმისას მხარში დაჭრილი ფიცხელაური ტყვედ ჩავარდა. თავდაპირველად მოხვდა ქალაქ ბახჩისარაის ტყვეთა ბანაკში, საიდანაც მალევე გადაიყვანეს სიმფეროპოლის ტყვეთა ბანაკში. (შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი 6, საქმე 42/1265, ტომი 1, გვერდი 130)

     1942 წლის 1 აგვისტოს, აქ მას გამოლაპარაკებია ემიგრანტი ლეო ბალარჯიშვილი, რომელსაც გაუგია, რომ ფიცხელაური საუბრობდა რამდენიმე ენაზე - ქართული, რუსული, ოსური და ინგუშური. ბალარჯიშვილს უთქვამს, რომ მზადდებოდა საქართველოში გასაგზავნად ჯგუფი, რომლისთვისაც უნდა ეხელმძღვანელა ,,ემიგრანტ ჭირაქაძეს’’. შესაბამისად, ფიცხელაური, როგორც ამ ენების მცოდნე, აღნიშნული საქმისთვის გამოსადეგი იყო. ფიცხელაურს თანხმობა მიუცია თანამშრომლობაზე და დურგლიშვილთან ერთად გაანთავისუფლეს და მიიყვანეს ქალაქ სიმფეროპოლში იმ შენობაში, სადაც სადაზვერვო სკოლა იყო განლაგებული. (შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი 6, საქმე 42/1265, ტომი 1, გვერდი 197)

      ათი დღის შემდეგ, ,,საზღვაო დაზვერვის’’ ორგანოს ერთ-ერთ ოფიცერს მისთვის და დურგლიშვილისთვის ჩამოურთმევია ხელწერილი თანამშრომლობაზე. გადაცია შესაბამისი დოკუმენტები გერმანულ ენაზე, მათი ფოტოსურათებით, სადაც ეწერა, რომ ამ ადამიანებს უფლება ჰქონდათ ეტარებინათ იარაღი და ნებისმიერ დროს გასულიყვნენ ქალაქში. (შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი 6, საქმე 42/1265, ტომი 5, გვერდები 148-155)

    ჯგუფის მესამე წევრი დურგლიშვილი, თბილისის მცხოვრები, კომკავშირის წევრი და პროფესიით ექიმი იყო. (შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი 6, საქმე 42/1265, ტომი 1, გვერდი 252)

      იგი ჯარში 1941 წლის 26 აგვისტოს გაუწვევიათ. ყოფილა სამედიცინო-სანიტარული ბატალიონის ქირურგის თანაშემწე. 1941 წლის 10 ნოემბერს, მისი ნაწილი ,,გადაუსროლიათ’’ სოხუმში და იმავე წლის 25 დეკემბერს, გემით ჩასულან ქალაქ სევასტოპოლში. აქ დურგლიშვილი დაუნიშნიათ ე.წ. ,,პირველი ჰოსპიტალის’’ ქირურგის თანაშემწედ. 1942 წლის 30 ივნისს, ზღვის პირას ალყაშემორტყმული მისი სამხედრო ნაწილი გერმანელებს ტყვედ აუყვანიათ. დურგლიშვილი სიმფეროპოლის ტყვეთა ბანაკში მოხვედრილა. (შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი 6, საქმე 42/1265, ტომი 1, გვერდი 268)

      დურგლიშვილი თავის ჩვენებაში წერს, რომ - ,,ტყვეთა ბანაკში მათთან ხშირად მიდიოდნენ ემიგრანტები გოგი(გიორგი) ჭირაქაძე და ლეო ბალარჯიშვილი. ჭირაქაძეს მისთვის უთქვამს - ,,შენ ჩემო ძმაო, წამოხვალ თუ არა ჩემთან?“, რაზეც დურგლიშვილს მაშინვე თანხმობა მიუცია, რადგან   ბანაკში გავრცელებული იყო დეზინტერია და სხვა დაავადებები’’. (შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი 6, საქმე 42/1265, ტომი 1, გვერდი 268)

      მისი ჩვენებით, 1942 წლის 1 აგვისტოს ისინი გადაუყვანიათ სიმფეროპოლში,საზღვაო დაზვერვის შენიბაში, სადაც 3 აგვისტოს ასევე მიუყვანით ებანოიძე. (შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი 6, საქმე 42/1265, ტომი 1, გვერდი 269)

      თავის ჩვენებაში დურგლიშვილი აღნიშნავს, რომ ,,ჭირაქაძესთან და ფიცხელაურთან ერთად გადიოდა სადაზვერვო-დივერსიული საქმიანობის წარმოებისთვის სპეციალურ მომზადებას, ებანოიძე კი სწავლობდა რადიო-საქმეს’’. (შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი 6, საქმე 42/1265, ტომი 1, გვერდი 269)

       1942 წლის 20 აგვისტოს, ჭირაქაძეს თავისი ,,სადესანტო ჯგუფის’’ მეხუთე წევრად მიუყვანია ბაცაცაშვილი. მასალების მიხედვით, წითელარმიელი ბაცაცაშვილი, 1941 წლის 4 აგვისტოს გაიწვიეს ჯარში. იგი თბილისიდან ირანის ქალაქ პრიშტში გაგზავნეს წითელი არმიის სამხედრო ნაწილებთან ერთად. 1941 წლის დეკემბერში კი, უკან გამოიწვიეს და ,,გადაისროლეს’’ ქერჩში, სადაც 15 მაისს, ბაცაცაშვილი ტყვედ ჩავარდა. მისი სიტყვებით, იგი ჯერ ქალაქ სიმფეროპოლთან ახლოს მდებარე ტყვეთა ბანაკში მოხვდა, ხოლო 1942 წლის 20 აგვისტოს ქალაქ ევპატორიაში გადაიყვანეს. (შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი 6, საქმე 42/1265, ტომი 1, გვერდი 384)

      თავის ჩვენებაში ბაცაცაშვილი არ საუბრობდა ევპატორიაში მისი ,,გადაყვანის“ გარემოებებზე. იგი მხოლოდ ერთგან ამბობს, რომ ,,პირადად მე მაქვს წითელარმიელის წიგნაკი ვიღაც ემიგრანტის ძმის, წაწალაშვილი შალიკოს სახელით’’. (შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი 6, საქმე 42/1265, ტომი 1, გვერდი 385)

       საქმე იმაშია, რომ 1942 წლის 20 აგვისტოს, ბაცაცაშვილი, როგორც თავისი მეგობრის ძმა, სიმფეროპოლის ტყვეთა ბანაკიდან გამოიყვანა და ევპატორიაში წაიყვანა ჭირაქაძემ. ბაცაცაშვილმა ჭირაქაძეს, თავისი თავი ემიგრანტ ნიკო(ნიკოლოზ) წაწალაშვილის ძმად ,,შეასაღა“, რათა ტყვეთა ბანაკიდან გამოსულიყო. აღსანიშნავია, რომ მას თან ჰქონდა  გერმანული დაზვერვისგან მიცემული წითელარმიელის ყალბი წიგნაკი სხვა გვარზე - წაწალაშვილზე.

     ჯგუფის სხვა წევრებს სადაზვერვო-დივერსიული მომზადება უკვე გავლილი ჰქონდათ და საქართველოში ,,გადასასროლად’’ მზად იყვნენ. ბაცაცაშვილს კი, რადგანაც გვიან შეუერთდა მათ, შესაბამისი წრთვნა არ გაუვლია. (შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი 6, საქმე 42/1265, ტომი 1, გვერდი 286)     

     ამ ინფორმაციებს ,,აზუსტებს“ ებანოიძე თავის ჩვენებებში. იგი ბაცაცაშვილზე საუბარს ასე იწყებს - ,,რაც შეეხება ბაცაცაშვილს ფსევდონიმით ,,წაწალაშვილი“, იგი ჩვენთან 20 დღის დაგვიანებით მოიყვანა ემიგრანტმა ჭირაქაძემ’’. (შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი 6, საქმე 42/1265, ტომი 1, გვერდი 77)

     მისი სიტყვებით - ,,ემიგრანტი წაწალაშვილი იმ ხანებში ადრე გადაფრენილა ბათუმში თავისი ჯგუფით. ჭირაქაძესთვის უთქვამს ჩემი ძმა ,,პლენია“. ბაცაცაშვილს გაუგია და დაუხსომებია წაწალაშვილის სახელი და გვარი. თავისი თავი წაწალაშვილად გაუსაღებია’’. (შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი 6, საქმე 42/1265, ტომი 1, გვერდი 79)    ნიკო(ნიკოლოზ) წაწალაშვილის ჯგუფი ბათუმში არ გაფრენილა, ისინი დასავლეთ საქართველოში სხვა ადგილზე ჩამოსხეს, სადაც რამოდენიმე თვის შემდეგ დააპატიმრეს და დახვრიტეს. მასალები საინტერესოა, თუმცა მას სხვა კვლევაში შევეხები.

      წაწალაშვილ-ბაცაცაშვილის მისვლიდან რამდენიმე დღეში, ჭირაქაძის ჯგუფს მიუღია სადესანტო საჭურველი და სევასტოპოლში გამგზავრებულან, სადაც ებანოიძის სიტყვებით ,,მას ბაცაცაშვილი  გამოსტყდომია, რომ იყო არა წაწალაშვილი, არამედ ბაცაცაშვილი’’. (შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი 6, საქმე 42/1265, ტომი 1, გვერდი 80)

        თვითონ ჭირაქაძეს კი, მხოლოდ მაშინ გაუგია მის მიერ წაწალაშვილად მიჩნეული პირის ვინაობა, როდესაც იგი გაკოჭეს და მისთვის შეუძახია -,,შენც წაწალაშვილოო’’, რაზეც ამ უკანასკნელს  უპასუხია  - ,,წაწალაშვილი კი არა ბაცაცაშვილი ვარო’’ და ფეხი წაურტყავს.

(შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი 6, საქმე 42/1265, ტომი 1, გვერდი 81)

        ამრიგად, ჭირაქაძემ თავისი მეგობრის ძმა კი არა, სულ სხვა პიროვნება გადაარჩინა გერმანელების ტყვეთა ბანაკში გარდუვალ სიკვდილს და საქართველოშიც ჩამოიყვანა.

     

.............................

    სანამ ჭირაქაძეზე დავიწყებდეთ საუბარს, მინდა აღვნიშნო, რომ როდესაც კითხულობ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცულ მასალებში, საქართველოში გერმანული არმიის სხვადასხვა ორგანოს მიერ თვითმფრინავებით გადმოსხმული დესანტის წევრების ჩვენებებს, შეინიშნება მათი ტყვეთა ბანაკებიდან გამომყვანი და ფაქტობრივად სიცოცხლის შემნარჩუნებელი ემიგრანტების ასე ვთქვათ ,,საერთო“ მოტივაცია. დაპატიმრებული პირების ჩვენებებიდან აშკარად გამოსჭვივის, რომ ქართველ ემიგრანტებს, ვინც ტყვეთა ბანაკებში შედიოდნენ და ქართველი ეროვნების ტყვეებს ესაუბრებოდნენ სჯეროდათ, რომ ისინი ბოლშევიკებისგან საქართველოს გასანთავისუფლებლად იბრძოდნენ.

        მსგავსი ინფორმაციებია დაცული ჭირაქაძის ჯგუფის წევრების ჩვენებებში. მაგალითად, ებანოიძის ერთგან წერს - ,,ჭირაქაძე ამბობდა, რომ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ შეიქმნება ,,დამოუკიდებელი საქართველოს“ მთავრობა ემიგრანტებისგან’’-ო. (შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი 6, საქმე 42/1265, ტომი 1, გვერდი 69)

      ერთ-ერთ ჩვენებაში კი ამბობს - ,,ემიგრანტმა ჭირაქაძემ’’ მითხრა, წამოხვალ თუ არა ჩემთან ერთად საქართველოში საქართველოს განთავისუფლებისთვის მუშაობის საწარმოებლად“-ო. (შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი 6, საქმე 42/1265, ტომი 1, გვერდი 75)

      ჯგუფის სხვა წევრი ფიცხელაური უჩვენებდა, რომ მას ემიგრანტმა ლეო ბალარჯიშვილმა უთხრა ,,იგი, როგორც ენების მცოდნე გამოსადეგი იყო საქართველოს განთავისუფლებისთვის ბრძოლაში ბოლშევიკებისგან და საბჭოთა ხელისუფლებისგან, რომ  საქართველო იქნებოდა დამოუკიდებელი’’. (შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი 6, საქმე 42/1265, ტომი 1, გვერდი 197)

    აღსანიშნავია, რომ ფიცხელაურის სიტყვებით, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ გიორგი ჭირაქაძე, მათი ჩამოსხდომის ადგილზე მდებარე სოფლების მცხოვრებლებს  ესაუბრებოდა და ეუბნებოდა, რომ - ,,საქართველო დამოუკიდებელი იქნებოდა’’. (შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი 6, საქმე 42/1265, ტომი 1, გვერდი 87)

         ამ კუთხით, ასევე საინტერესოა დურგლიშვილის ჩვენება. მისი სიტყვებით ,,ჭირაქაძე ტყვეთა ბანაკში ყოფნისას ხშირად მიდიოდა ტყვეებთან და ამბობდა - ჩვენი მიზანი არის და ასეც უნდა გავაკეთოთ, რომ ამ ბრძოლებში ქართველი ხალხი არ დაიხოცოს. ხელი უნდა შევუწყოთ ქართველი ხალხის აჯანყებას ადგილობრივი საბჭოების წინააღმდეგ’’. [ა 268] დურგლიშვილი ასევე უჩვენებდა - ,,ქართველი ემიგრანტები მოითხოვდნენ ჩვენგან დახმარების გაწევას, რათა საქართველოში საბჭოების დამხობის შემდეგ გამოეცხადებინათ დამოუკიდებლობა’’. (შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი 6, საქმე 42/1265, ტომი 1, გვერდი 268)

      მასალების მიხედვით, თელავის რაიონის გომბორის უღელტეხილის ტერიტორიაზე მდებარე აშროშანის ტყეში ჩამოსხმული გერმანული დესანტის ხელმძღვანელის გიორგი სამსონის ძე ჭირაქაძე, 1909 წელს თბილისში დაბადებულა. იგი იზიარებდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის (მენშევიკები) იდეოლოგიას. რამოდენიმე წელი მუშაობდა ინკასატორად შორაპნის რკინიგზაზე. ჭირაქაძეს მისი ჩვენების მიხედვით, 1930 წლის 2 სექტემბერს, ფული წაუღია ხაშურში, მაგრამ მგზავრობისას დაუკარგავს 20000 მანეთი. თანხა ვერ უპოვია და უკან, შორაპანში გაბრუნებულა, სადაც შეხვედრია მეზობლებს - ტარიელ ჟღენტს და ვალერიან ღლონტს. (დამატებითი მასალები მათზე არ მომიძიებია. ამ სახელების და გვარების მქონე პირების საფლავები არის ლევილის ე.წ. ,,ქართველების სასაფლაოზე’’)

 საუბრისას გაურკვევია, რომ ისინი აჭარის ტერიტორიიდან საზღვარგარეთ აპირებდნენ ემიგრირებას. მათთან ერთად წასულა და საზღვარზე რამოდენიმე დღიანი ლოდინის შემდეგ, სამივე თურქეთში გადასულან. (შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი 6, საქმე 42/1265, ტომი 1, გვერდი 450)

       თურქეთში იგი შეხვედრილა საქართველოდან მასავით არალეგალურად გადასულ პირებს. მათ შორის, იმ ადამიანებს ვინც საფრანგეთში დევნილობაში მყოფი საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის ხელმძღვანელების მიერ გარკვეული დავალებით იყვნენ გაგზავნილი საქართველოში და უკან გაბრუნდნენ. (სხვებთან ერთად იგი ასახელებს ძმებ შალვა და ტიტე ბერიშვილებს. 1930 წლის ზაფხულში შალვა ბერიშვილი ნამდვილად იმყოფებოდა საქართველოში და თურქეთში)

    ჭირაქაძე და მისი თანმხლები პირები, ემიგრაციაში მყოფი საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლების დახმარებით თურქეთიდან გადასულან საფრანგეთში. გიორგი ჭირაქაძეს თავდაპირველად ერთ-ერთ პროვინციულ ქალაქში უმუშავია მიწის სამუშაოებზე, შემდეგ მიუღია საფრანგეთში ცხოვრების უფლება და გადასულა პარიზში. (შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი 6, საქმე 42/1265, ტომი 1, გვერდი 453)

       სწავლა დაუწყია ინსტიტუტში, რომელიც ვერ დაუმთავრებია. სამაგიეროდ, პარიზში შეისწავლა ავტო-საქმე და 1936 წლამდე უმუშავია მძღოლად საზღვარგარეთ მცხოვრებ ერთ-ერთ ქართველთან. აქვე, ამავე პერიოდში გაუვლია რუსი თეთრგვარდიელების ,,რუსული სამხედრო კავშირის“ სამხედრო ოფიცრის კურსები და მიუღია ფეხოსანი ჯარის ლეიტენანტის წოდება. უმუშავია ასევე ,,რენოს“ ავტომობილების ქარხანაში სხვა ქართველებთან ერთად: სევერიან ჭირაქაძე, გიგო ჟორდანია, შოთა ბერეჟიანი, მიხეილ ბახტაძე, კოლია თაყაიშვილი, სერგო მათიკაშვილი  და სხვები. (შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი 6, საქმე 42/1265, ტომი 1, გვერდი 455)

     1936 წლის ოქტომბერში ჭირაქაძე საფრანგეთის ჯარში გაუწვევიათ, მოხვედრილა საარტილერიო პოლკში, შემდეგ შეეხო დემობილიზაცია. იგი ჯარში, 1939 წელს კვლავ გაიწვიეს, ოღონდ უკვე სატანკო ნაწილში მოხვდა, სადაც მისი სიტყვებით ,,მსახურობდა გერმანიის და საფრანგეთის დაზავებამდე .’’ (შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი 6, საქმე 42/1265, ტომი 1, გვერდი 456)

      ამის შემდეგ აღმოჩნდა მუშათა ბანაკში, სავარაუდოდ ეს იყო ფრანგი ჯარისკაცებისგან შემდგარი მუშათა ბატალიონი. აქ, 1941 წლის 10 მარტს მისულა მიხეილ კედია, რომელსაც  გერმანიაში გასაგზავნად შეუგროვებია მუშები. მას ჭირაქაძესთან ერთად სანდრო დემეტრაშვილი და სევერიან ურუშაძე შურჩევია. ისინი გაუგზავნია გერმანიაში, სადაც ჭირაქაძეს ქალაქ ბერლინში ავტოსარემონტო სახელოსნოში დაუწყია მუშაობა. (შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი 6, საქმე 42/1265, ტომი 1, გვერდი 456)

      ჭირაქაძე თავის ჩვენებაში აღნიშნავდა, რომ მისი გერმანიაში ყოფნის დროს ის შეხვედრია სოსო გვარამაძეს, რომელსაც შეუდგენია გერმანიის არმიის გენერალური შტაბის საზღვაო დაზვერვის განყოფილებში წარსადგენად, ქართველი ემიგრანტების სია 15-20 კაცის ოდენობით. 1941 წლის ივლისში იგი გამოუძახიათ შტეტინში მდებარე გენერალური შტაბის საზღვაო დაზვერვის განყოფილებაში. (შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი 6, საქმე 42/1265, ტომი 1, გვერდი 456) (შტეტინი - თანამედროვე პოლონური ქალაქი - შჩეცინი, შეცინი. შედიოდა პრუსიის შემადგენობაში. 1945 წლამდე იყო გერმანიის პორტი ბალტიის ზღვაზე. აქ 1940 წლის დეკემბერში, სამხედრო დაზვერვის და კონტრდაზვერვის ორგანოს (,,აბვერ’’) საზღვაო დაზვერვის განყოფილებამ ჩამოაყალიბა სადაზვერვო სკოლა. მასში იწვრთნებოდნენ მზვერავი-დივერსანტები და რადისტები. სკოლაში ჩარიცხვის შემდეგ აგენტებს აძლევდნენ მეტსახელებს, ყალბ პასპორტებს. სწავლის ვადა იყო ექვსი თვე)

      ჭირაქაძე ჩასულა შტეტინში და აქ მდებარე სამხედრო დაზვერვის და კონტრდაზვერვის ორგანოს (,,აბვერ’’) საზღვაო დაზვერვის განყოფილების სადაზვერვო სკოლაში, სხვა ქართველებთან ერთად, რადიოგადაცემის შემსწავლელ კურსებზე დაუწყია სწავლა, რომელიც ვერ დაუმთავრებია, რადგან აღმოაჩნდა ცუდი სმენა. აღსანიშნავია, რომ ჩვენს მიერ მოძიებულ ერთ-ერთ  საარქივო საქმეში, მასთან ერთად შტეტინში მდებარე სადაზვერვო სკოლაში მყოფი პირი, მისი მეგობარი ნიკო(ნიკოლოზ) წაწალაშვილი, თავის ჩვენებაში ადასტურებდა, რომ ჭირაქაძემ ვერ ისწავლა დასახელებულ სკოლაში, რადგან სმენასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. სწორედ, რადიოგადამცემის მოხმარების არცოდნით უნდა აიხსნას, მის მიერ რადისტის აქტიური ძებნა ქართველ ტყვეთა ბანაკებში. სხვა ჯგუფებს, რომლებსაც ჭირაქაძის მსგავსად ემიგრანტი ქართველები ადგენდნენ, რადისტებად სწორედ შტეტინის სადაზვერვო სკოლაში სწავლაგავლილი პირები ხელმძღვანელობდნენ.

     ჭირაქაძე ბერლინში დაბრუნებულა, მაგრამ 1942 წლის ივნისში, იგი კვლავ გამოიძახეს შტეტინში საზღვაო დაზვერვის განყოფილება, სადაც მიიღო შესაბამისი დოკუმენტები და გაგზავნილ იქნა სიმფეროპოლში ,,აბვერ’’-ის შავი ზღვის აუზის დაზვერვის განყოფილების უფროს, კაპიტან ბოდეს განკარგულებაში. (შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი 6, საქმე 42/1265, ტომი 1, გვერდი 457)

          აქვე მინდა აღვნიშნო, რომ გიორგი ჭირაქაძეს მინიჭებული ჰქონდა საზღვაო მაიორის წოდება. სწორედ ამის გამო იყო, რომ მისი ჯგუფის წევრები, ვისთან ერთადაც ,,გადაისროლეს’’ საქართველოში, მას ხანდახან ,,მაიორი ჭირაქაძე“ მოიხსენიებდნენ.

     სიმფეროპოლში ყოფნისას ჭირაქაძეს, მისი სიტყვებით, უცდია დაკავშირებოდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის (მენშევიკები) ხელმძღვანელობას საფრანგეთში. წერილიც კი გაუგზავნია ამ პარტიის საზღვარგარეთული ბიუროს წევრ ვალიკო ინწკირველთან. ატყობინებდა, რომ მას უპირებდნენ საქართველოში გადაგზავნას და ითხოვდა მითითებებს, თუ როგორ მოქცეულიყო საქართველოში ,,გადასროლის’’ შემთხვევაში. ვალიკო ინწკირველი ჩასულა სიმფეროპოლში, შეხვედრია ჭირაქაძეს, თუმცა მისთვის რაიმე მითითება, ან ქმედითი დახმარება ვერ გაუწევია. (შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი 6, საქმე 42/1265, ტომი 1, გვერდი 458)

     ცხადია, რომ დაკითხვისას გიორგი ჭირაქაძე გარკვეულ ინფორმაციებს დამალავდა და მხოლოდ მისი ჩვენებები, მის პიროვნებაზე წარმოდგენის შესაქმნელად საკმარისი არაა. შესაბამისად, მის  შესახებ მეტი ინფორმაციის გასაგებად და შედარებით სრულყოფილი წარმოდგენის შესაქმნელად, სხვა ინფორმაციებსაც გაგაცნობთ.

     ებანოიძე თავის ერთ-ერთ ჩვენებაში ამბობდა - ,,ემიგრანტი ჭირაქაძე დიდი ქადილით გვესაუბრებოდა თავის გმირულ წარსულზე, საქართველოდან ემიგრაციაში წასვლაზე, საფრანგეთში 11 წელი ყოფნაზე, იქიდან გერმანიაში გადასვლაზე, 1936 წელს საქართველოში ყოფნაზე, დესანტით ყოფნაზე ესპანეთში, პოლონეთში და საბერძნეთში’’. (შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი 6, საქმე 42/1265, ტომი 1, გვერდი 76)

      სხვა ჩვენებაში კი აკონკრეტებდა, რომ ჭირაქაძე ,,1936 წელს საფრანგეთიდან სოხუმში ჩასულა სხვა ემიგრანტებთან ერთად და იქიდან უკვე თბილისში გამგზავრებულა სპეციალური დავალების შესასრულებლად. აქ მოუწვევია არალეგალური კრება და შეუსრულებია მიცემული დავალება. შემდეგ მახარაძის რაიონის ერთ-ერთ სოფელში წასულა, სადაც უქეიფია კიდეც. ამის შემდეგ კი, ოჩამჩირეს გავლით საზღვარგარეთ გამგზავრებულა.’’ (შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი 6, საქმე 42/1265, ტომი 1, გვერდი 67)

      აქვე აღვნიშნავ, რომ სხვა მასალებში რაიმე ინფორმაცია ებანოიძის ამ მონათხრობის დასადასტურებლად ვერ მოვიძიე. როგორც ჩანს ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა.

      გიორგი ჭირაქაძის საბრალდებო დასკვნაში კი, აღნიშნულია რომ  - ,,ჭირაქაძე იყო ბერლინის მცხოვრები. იგი 1930 წლამდე ცხოვრობდა და მუშაობდა შორაპანში, მოლარე-ინკასატორად რკინიგზაზე, საიდანაც თანამზრახველებთან - ტარიელ ჟღენტი და ვალერიან ღლონტი (იმყოფებიან ემიგრაციაში) გაიტაცა 65 000 მანეთი და ემიგრირებულ იქნა საზღვარგარეთ’’. (შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი 6, საქმე 42/1265, ტომი 1, გვერდი 514)

      საბრალდებო დასკვნაში ასევე წერია - ,,ჭირაქაძე 1939 წელს პარიზიდან გაწვეულ იქნა სატანკო ,,სიკვდილის დივიზია“-ში. გერმანიის მიერ საფრანგეთის ოკუპაციის შემდეგ კი იყო შრომით ბანაკებში, სადაც იგი გერმანიის დაზვერვის აგენტმა მიხეილ კედიამ გადაიბირა გერმანიაში სამუშაოდ’’. (შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი 6, საქმე 42/1265, ტომი 1, გვერდი 514)

       გამოძიების მიერ შედგენილ დოკუმენტებში ვკითხულობთ, რომ ,,ჭირაქაძემ შტეტინში გაიარა დაზვერვის რადიო-სკოლა და სიმფეროპოლში ჩასვლის შემდეგ ტყვეთა ჯგუფი მოამზადა საქართველოში გადასასროლად’’.  (შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი 6, საქმე 42/1265, ტომი 1, გვერდი 515)

     ერთ-ერთი დოკუმენტის მიხედვით კი ,,ჭირაქაძე სპეციალობით მძღოლი, 1931 წლიდან ,,ქართული თეთრი ემიგრაციის ორგანიზაცია სოციალ-დემოკრატების წევრი იყო. დაპატიმრებისას კი ,,აბვერ’’-ის შავი ზღვის აუზის დაზვერვის განყოფილების მაიორი, პარაშუტისტ-დივერსანტების ჯგუფის უფროსი’’. (შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი 6, საქმე 42/1265, ტომი 1, გვერდი 516)

 

 

 

 

..............................

      წოდებით მაიორი, ,,პარაშუტისტ-დივერსანტების ჯგუფის უფროსი’’ ჭირაქაძე, ჯერ კიდევ სიმფეროპოლში ყოფნისას  იყო ,,გაცემული“ მის მიერ შერჩეული ჯგუფის წევრების, ყოფილი წითელარმიელების მიერ. ფიცხელაურის ჩვენებიდან ჩანს, რომ ,,მას, დურგლიშვილს და ებანოიძეს, ჯერ კიდევ სიმფეროპოლში ყოფნისას მოულაპარაკიათ ჯგუფის ხელმძღვანელი გოგი (გიორგი) ჭირაქაძე ,,ჩაებარებინათ’’ ,,შინსახკომში“. (შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი 6, საქმე 42/1265, ტომი 1, გვერდი 236)

      ყოფილი ტყვეები ერთ ოთახში ცხოვრობდნენ, რამაც  მათ ,,გულის გადაშლა“ გაუდვილა. ფიცხელაურმა გამოძიების პროცესში რამდენჯერმე განაცხადა - ,,ამ საკითხზე საუბრის ინიციატორი ვიყავი მე’’. (შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი 6, საქმე 42/1265, ტომი 1, გვერდი 343) თუმცა, ფიცხელაური სანამ ჯგუფის წევრებს გაანდობდა განზრახვას, თავისი სურვილი მასავით გერმანელების სამსახურში ჩამდგარი ყოფილი წითელარმიელის, იმჟამად კი, სიმფეროპოლში განლაგებული, ერთ-ერთი გერმანული სადაზვერვო ორგანოს უფროსის მძღოლ ავსანჯალიშვილისთვის გაუნდია. (შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი 6, საქმე 42/1265, ტომი 1, გვერდი 238)

     ამ უკანასკნელს მოსწონებია ფიცხელაურის განზრახვა, რომ მას სურდა ჭირაქაძე საქართველოში ,,გადმოსროლის’’ შემდეგ ,,შინსახკომში“ ,,ჩაებარებინა’’. საუბრით შეგულიანებულ ფიცხელაურს მოულაპარაკია თავისი ჯგუფის წევრებთანაც. (შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი 6, საქმე 42/1265, ტომი 1, გვერდი 240)

       მას ამ საკითხზე ასევე ულაპარაკია, იმ ყოფილ საბჭოთა ტყეებთან, ვინც იმჟამად შედიოდნენ სიმფეროპოლში განლაგებული გერმანული დაზვერვის მიერ მომზადებულ, საქართველოში გადმოსასროლ სხვა ჯგუფებში და რომლებიც მათზე ადრე უნდა გამოფრენილიყვნენ საქართველოში. მათ რიცხვში იგი ასახელებდა ვინმე ვარდი(ო)შვილს, რომელიც 1942 წლის 25 აგვისტოს ერთ-ერთი ჯგუფის შემადგენლობაში  ,,გადმოისროლეს’’ საქართველოში. აღნიშნავდა, რომ ამ პირის ჯგუფის წევრებსაც, ასევე სურდათ ნებაყოფილობით გამოცხადება ,,შინსახკომში“. ფიცხელაურის სიტყვებით, მათ თავისი ჯგუფის გადაწყვეტილებაზე იმიტომ ესაუბრებოდა, რომ ,,საქართველოში მასზე ადრე გადაგზავნილებს საქმის კურსში ჩაეყენებინათ ,,შინსახკომი“ მისი ჯგუფის განზრახვაზე’’. (შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი 6, საქმე 42/1265, ტომი 1, გვერდი 242)

     თავის მხრივ, ებანოიძე უჩვენებდა, რომ იგი საქართველოში თვითმფრინავით გადმოგზავნამდე ,,მოლაპარაკებია სხვა ჯგუფის რადისტ ბაკურაძეს, რომელიც ადრე იქნა ,,გადმოსროლილი“ თავისი ჯგუფის წევრებთან ერთად, რომ მისი ჯგუფის წევრები აპირებდნენ ,,შინსახკომში“ გამოცხადებას’’. (შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი 6, საქმე 42/1265, ტომი 1, გვერდი 30)

      ებანოიძე ასევე ჩამოთვლის პირებს, ვინც საქართველოში გადმოსროლის შემდეგ ნებაყოფილობით უნდა გამოცხადებულიყვნენ ,,შინსახკომში“. მათ შორის ახსენებს ვარდი(ო)შვილს თბილისიდან. (შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი 6, საქმე 42/1265, ტომი 1, გვერდი 40)

       შესაძლოა ეს პირი სწორედ ფიცხელაურის მიერ დასახელებული ვარდი(ო)შვილია. აღსანიშნავია, რომ ებანოიძე ამ პირების ჩამონათვალში ახსენებდა ვინმე ცალუღელაშვილსაც, რომელიც  აპირებდა ნკვდ-ში გამოცხადებას. (შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი 6, საქმე 42/1265, ტომი 1, გვერდი 40) ჩემს მიერ მოძიებული საარქივო მასალების მოხედვით, ცალუღელაშვილი მართლაც გამოცხადდა ,,შინსახკომში“, თუმცა ამის მიუხედავად იგი მაინც დახვრეტეს.

      თუ რატომ ჰქონდათ ებანოიძეს, ფიცხელაურს, დურგლიშვილს და ბაცაცაშვილს იმის იმედი, რომ ,,შინსახკომში“ გამოცხადების შემდეგ მათ არ დახვრეტდნენ, ამის ასახსნელად ნიშანდობლივია ებანოიძის ჩვენება - ,,რადგან ჭირაქაძე ნამყოფი იყო საქართველოში 1936 წელს და შეიძლებოდა ჰქონოდა აქ კავშირები, კარგი იქნებოდა მათი ჩაბარება. ამიტომ თუ ასეთ კაცს ჩვენ წავიყვანთ ცოცხლად ჩავაბარებთ, შეიძლება დიდი ბანდები აღმოეჩინათ’’. (შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი 6, საქმე 42/1265, ტომი 1, გვერდი 77)

      ანუ, თავისი სიცოცხლის გადასარჩენად, ჭირაქაძის ჯგუფის წევრები, ფაქტობრივად სხვა ადამიანს სწირავდნენ, რაც მათ გამოუვიდათ კიდეც. თუმცა რის ფასად, ამაზე ცოტა ქვემოთ ვისაუბრებთ.

    ებანოიძის სიტყვებით - ,,ფიცხელაური მეხვეწებოდა ადრე შემესწავლა ეს საქმე. მითხრა მალე შეისწავლე რადიო-საქმე, თორემ ეს ხალხი მშიერს მოგვკლავსო’’. (შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი 6, საქმე 42/1265, ტომი 1, გვერდი 77)

       სიმფეროპოლის სადაზვერვო სკოლაში სწავლის დაწყებიდან ძალიან მალე, ჭირაქაძის ჯგუფი მზად იყო გასაფრენად საქართველოში, მაგრამ 1942 წლის  22 აგვისტოს  ,,საკის’’ აეროდრომისკენ მიმავალი მათი მანქანა ავარიაში მოყვა და და ებანოიძემ ფეხი იღრძო. (შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი 6, საქმე 42/1265, ტომი 1, გვერდი 464)

       ამიტომ, როგორც ირკვევა ჭირაქაძემ შეარჩია სხვა რადისტი, ეროვნებით რუსი, მაგრამ ჯგუფის დანარჩენ , ასე ვთქვათ ,,შეთქმულ’’ წევრებს უარი უთქვამთ ამ პირის მათ ჯგუფში ,,შეყვანაზე’’. ებანიძის სიტყვებით ,,ბიჭებს არ უქნიათ - მაგას ვერ ვენდობით რუსიაო’’. ასევე უარი განუცხადებიათ ეროვნებით სომეხ რადისტთან ერთად საქართველოში გაფრენაზე’’. (შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი 6, საქმე 42/1265, ტომი 1, გვერდი 85)

აშკარაა, რომ მათ სურდათ ერთობლივად ჩაფრენა, რათა თავისი გაზრახვა უცხო ადამიანის გარეშე, უფრო იოლად მოეყვანათ სისრულეში.

      ებანოიძის გამოჯანმრთელების შემდეგ ჭირაქაძის ჯგუფი, 1942 წლის 17 სექტემბერს, საღამოს საათებში, ,,საკის’’ აეროდრომიდან გაფრინდა საქართველოში. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ისინი უნდა სხვა ადგილზე ,,ჩაესხათ“. ებანოიძე უჩვენებდა, რომ ,,მათი ჯგუფი მელაანის მახლობლად უნდა გადაესროლათ, სადაც მათზე ადრე ჩაფრენილი ქართველები ელოდებოდნენ’’. (შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი 6, საქმე 42/1265, ტომი 1, გვერდი 27)

        იგივეს იმეორებდა ფიცხელაური ,,ისინი თვითმფრინავს უნდა გადაესხა სოფელ მელაანში, მაგრამ თელავის რაიონის სოფელ აშროშანთან მოხვდნენ’’. (შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი 6, საქმე 42/1265, ტომი 1, გვერდი 179)

     სწორედ თვითმფრინავში დამალა რადიოგადამცემის ანტენა, უფრო სწორედ პარაშუტით გადმოხტომის წინ  თვითმფრინავის სავარძლის ქვეშ შეაგდო ფიცხელაურმა. ამ ნივთის გარეშე კი, რადისტი ვერ მოახერხებდა რადიოგადამცემით სიმფეროპოლში სადაზვერვო სკოლასთან დაკავშირებას. საუბარია იმ ანტენაზე, რომლის შოვნის საბაბით ფიცხელაური და ბაცაცაშვილი თელავში წავიდნენ, მაგრამ ,,შინსახკომში“ გამოცხადნენ. (შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი 6, საქმე 42/1265, ტომი 1, გვერდი 30)

    რადიოგადამცემის ანტენის დამალვის ეპიზოდი, სხვა მხრითაც არის საინტერესო - ანტენის დამალვის იდეის ,,მითვისებას“ ებანოიძე ცდილობდა. თავის პირველ ჩვენებაში იგი ამბობდა რომ ანტენა მან დამალა. (შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი 6, საქმე 42/1265, ტომი 1, გვერდი 30)

თავისი ხელით დაწერილ ,,ავტობიოგრაფია-ჩვენებაში’’ ებანოიძე კვლავ ადასტურებდა, რომ  ,,ფიცხელაურს მე ვუთხარი ჩამოსვლისას დაემალა ანტენა’’. (შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი 6, საქმე 42/1265, ტომი 1, გვერდი 90)

      რეალურად კი, როგორც მასალების ანალიზიდან ჩანს, თავდაპირველად სწორედ ფიცხელაურს წამოუყენებია წინადადება ნკვდ-ში ,,ჩაებარებინათ“ ჭირაქაძე და სწორედ მან გადამალა რადიოგადამცემის ანტენაც. (შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი 6, საქმე 42/1265, ტომი 1, გვერდი 30)

        თუ რატომ გავამახვილე ამ ფაქტებზე ყურადღებას, ცოტა ქვემოთ ვისაუბრებ.

 

......................

      1942 წლის 17 სექტემბერს, ღამის 10 საათზე, ჭირაქაძის ჯგუფის წევრების გომბორის უღელტეხილის ტერიტორიაზე თვითმფრინავიდან პარაშუტებით ტყიან რელიეფზე დაშვებას ინციდენტების გარეშე არ ჩაუვლია. ჯგუფის ორი წევრი - ებანოიძე და დურგლიშვილი დაშავდნენ. ორივემ ფეხი იღრძო. მათ სიარული არ შეეძლოთ, მაგრამ დილით ისინი ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა იპოვეს და შეიფარეს. უფრო მეტიც, როგორც მასალებიდან ირკვევა, ამ ადამიანებმა გერმანული დესანტის წევრების მიმართ კეთილგანწყობა გამოამჟღავნეს. თავდაპირველად სახლებში შეიფარეს, დაშავებულებს უმკურნალეს, დაეხმარნენ ერთმანეთის მოძებნაში და შემდეგ ტყეში, უსაფრთხო ადგილას ქოხის აშენებაშიც დაეხმარნენ.

     ჭირაქაძის ჯგუფის წევრები უჩვენებდნენ, რომ გომბორის უღელტეხილის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სოფლების მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობა - ხევსურები საბჭოთა ხელისუფლების მიმართ მტრულად იყვნენ განწყობილი. (შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი 6, საქმე 42/1265, ტომი 1, გვერდი 222)

        მათ, როდესაც ჭირაქაძისგან გაიგეს, ის და მისი ჯგუფის წევრები იყვნენ გერმანელების მიერ გამოგზავნილი, ,,შინსახკომში“ დაბიზღების მაგივრად გვერდში დაუდგნენ და დაეხმარნენ. (შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი 6, საქმე 42/1265, ტომი 1, გვერდი 224)

    ადგილობრივ ხევსურებს მათთვის მორიგეობით მიჰქონდათ საკვები პროდუქტები, ასევე მოამარაგეს სხვადასხვა ნივთებით. (შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი 6, საქმე 42/1265, ტომი 1, გვერდი 224)

     ჭირაქაძის ჯგუფის დაპატიმრების შემდეგ, ტყეში მათ საცხოვრებელ ქოხში აღმოჩნდა - ხევსურული ფარდაგი, ქვაბი, კოვზები, თოხი და სხვა ნივთები. (შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი 6, საქმე 42/1265, ტომი 1, გვერდი 142)

     მასალებიდან ჩანს, ჭირაქაძის ჯგუფის წევრები, გამოძიებას მათთვის დახმარების გამწევ ადგილობრივ მაცხოვრებლებზე უამრავ მაკომპრომიტირებელ ინფორმაციას ,,აძლევდნენ’’. ასევე საუბრობდნენ ჭირქაძის მიერ გაწეულ აგიტაციაზე გერმანელების სასარგებლოდ - ,,ჭირაქაძე მათ ესაუბრებოდა ბოლშევიკებისგან განთავისუფლებაზე, ჰპირდებოდა მიწების, იარაღის დარიგებას’’. (შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი 6, საქმე 42/1265, ტომი 1, გვერდები 87, 228)

     ისინი ასევე აღნიშნავდნენ - ,,ადგილობრივები ჩვენ ძალიან კარგად გვეპყრობოდნენ. ჭირაქაძის აგიტაციით აღფრთოვანებულები იყვნენ და უხაროდათ გერმანელების მალე მოსვლა’’. (შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი 6, საქმე 42/1265, ტომი 1, გვერდი 229)

     ჯგუფის ყველაზე, ასე ვთქვათ - ,,საბჭოურად“ განწყობილი წევრი, ,,შინსახკომის“ ყოფილი აგენტი ,,სარკე“, ბოლშევიკი ებანოძე თავის ჩვენებაში აღნიშნავდა: ,,ჭირაქაძემ გარს შემოიკრიბა  ადგილობრივი მოსახლეობა, ვინც მას იცავდნენ’’. (შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი 6, საქმე 42/1265, ტომი 1, გვერდი 30)

      ებანოძე თავისი ხელით დაწერილ ,,ავტობიოგრაფია-ჩვენებაში’’ პირდაპირ ასახელებს ადგილობრივი მოსახლეობის ,,დანაშაულებებს’’ საბჭოთა ხელისუფლების წინაშე და როგორც გამოცდილი აგენტი, რომელსაც შეუძლია დამოუკიდებლად მოიძიოს და გაანალიზოს ინფორმაცია წერს შემდეგს:

,,ა) შვიდი დღის განმავლობაში ჩვენი გლეხებთან ყოფნის და საუბრის დროს აღმოვაჩინე და შევამჩნიე შემდეგი - ახალგაზრდა ბიჭებს ვანოს, პეტრეს, სხვადასხვა დღეს ეცვათ სხვადასხვა სამხედრო შარვლები და ზედა ტანსაცმელი. ეს მე მაეჭვებს - სად შეიძინეს. იქ ხომ არ იმალებიან სხვა გადმოფრენილი ხალხი, რომლებიც ასეთი ფორმით მოდიან;

ბ) ემიგრანტს ჰპირდებოდნენ ერთ კვირაში ორას კაცს გაგიჩენთ აჯანყებაში მონაწილეობისთვისო, იარაღი ,,გააჭირებს’’ საქმესო და საყვედურობდნენ ემიგრანტს იარაღი რატომ არ ჩაიტანა;

დ) 27 სექტემბერს ემიგრანტის დაჭერის დღეს გამოვიარე ცხენით, გლეხ გიორგის (35 წლის) სახლთან. სახლის ზედა მხარეზე დავინახე ორმოცდაათზე მეტი ცხვრის ტყავი და გავიფიქრე ვინ ჭამს ამდენ ცხვრებს;

დ) ერთ-ერთი საუბრის დროს გლეხმა პეტრემ ემიგრანტს უთხრა - ,,ოღონდ მოვიდნენ გერმანელები და მე აქ ,,მაქსიმკა’’ პულიმიოტს ავაკაკანებო’’;

ე) გლეხებს აქვთ პატარა რევოლვერები. მათთან საუბრისას ადგილობრივი ხევსურები აღნიშნავდნენ, რომ ისინი ინახავდნენ ქაქუცა ჩოლოყაშვილს. იქნება ახლაც ინახავენ ქაქუცებს?’’. (შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი 6, საქმე 42/1265, ტომი 1, გვერდები 100-101)

      სწორედ ამ კითხვას ამატებდა ებანოიძე თავის ზემომოყვანილ ჩვენებას, რითაც ,,შინსახკომს“ გომბორის უღელტეხილის ტერიტორიაზე მდებარე სოფლების მოსახლეობის წინააღმდეგ რეპრესიული ზომების გატარებისკენ უბიძგებდა.

     ჭირაქაძის ჯგუფს ეხმარებოდნენ და შემდეგ ხელისუფლების მხრიდან დევნის ობიექტი გახდნენ შემდეგი ადგილობრივი მცხოვრებლები: ,,გიორგი არაბული, ვანო არაბული, პეტრე (პეტო) არაბული, აბრამ არაბული - სოფელ ვაშლოვანის მცხოვრებლები, ასევე ამ სოფლის მაცხოვრებელი ვინმე გიგაური და კიდევ ერთი პიროვნება, რომლის სახელი და გვარი უცნობია სოფელ თეთრწყლებიდან’’. (შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი 6, საქმე 42/1265, ტომი 1, გვერდი 227) საბჭოთა ხელისუფლებამ ზემოდასახელებული პირების ნაწილი დაპატიმრა, ნაწილი კი დაიმალა ტყეებში.

   

............................

      ჭირაქაძეს განაჩენი გამოუტანეს და დახვრიტეს, ხოლო მისი ჯგუფის წევრები, მათი მოლოდინის მიუხედავად, პატიმრობიდან არც გაანთავისუფლეს და მით უმეტეს, არც დააჯილდოვეს. ისინი ,,დააგენტურებულ“ იქნენ საბჭოთა სამხედრო კონტრდაზვერვის  მიერ. (საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის სამხედრო კონტრდაზვერვის მთავარი სამმართველო, შეიქმნა 1943 წლის აპრილში)  მასალებში დაცულია ებანოიძის, ფიცხელაურის, დურგლიშვილის და ბაცაცაშვილის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტები, საიდანაც ჩანს, რომ ისინი სამხედრო კონტრდაზვერვის  ე.წ. ,,ამომცნობი აგენტები“ გახდნენ.

     საინტერესოა, თუ როგორ ხდებოდა მსგავს ,,სამუშაოზე“ ადამიანების ,,დააგენტურება“. ირკვევა, რომ დასახელებული პირები ოფიციალურად გაასამართლეს და თითოეულს ხუთ-ხუთი წელი ციხე მიესაჯა. (შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი 6, საქმე 42/1265, ტომი 1, გვერდი 518)

ეს საკმაოდ ლმობიერი განაჩენი იყო, რადგან საქართველოში გერმანელების მიერ ,,გადმოსროლილი’’ პირების უმეტესობა, იმის მიუხედავად, რომ ბევრი მათგანი ნკვდ-ში გამოცხდდა დახვრეტილ იქნენ. (შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი 6, საქმე 42/1245)

     ,,ლმობიერება“ გამოიხატა იმაშიც, რომ 1943 წლის მაისიდან ოთხივე - ებანოიძე, ფიცხელაური, დურგლიშვილი და ბაცაცაშვილი გადაგზავნილ იქნენ სამხედრო კონტრდაზვერვის  განკარგულებაში და 1944 წელს, პატიმრობიდანაც გაანთავისუფლეს.  მოვლენებს გავუსწრებ და ვიტყვი, რომ მათი სამხედრო კონტრდაზვერვის  განკარგულებაში გადაგზავნა მოხდა ჭირაქაძის დახვრეტის თანადროულად.

       დაახლოებით იმავე დროით - 1943 წლის ივნისით, არის დათარიღებული ზემოდასახელებული ,,ოთხეულის“ მიერ სამხედრო კონტრდაზვერვისთვის მიცემული თანხმობები აგენტურული საქმიანობის გაწევაზე. ამ დოკუმენტს, რომელზეც ისინი სამხედრო კონტრდაზვერვასთან ,,თანამშრომლობაზე’’ აწერენ ხელს ,,მემორანდუმი’’ ეწოდებოდა. (შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი 6, საქმე 42/1265, ტომი 5, გვერდი 121)

      მასალებში დაცულ ,,მემორანდუმებს“ აწერია - ,,საქმე # 3251 სამხედრო კონტრდაზვერვის  სამმართველო“. ყველა მათგანის თავფურცელზე ვკითხულობთ - ,,მტკიცდება ერთდროულად საბრალდებო დასკვნასთან ერთად’’. დოკუმენტის შინაარსი ანკეტის მსგავსია - ჩამოწერილია პიროვნების გვარი, სახელი; სოციალური წარმოშობა; პარტიულობა; ბრალი; და ა.შ. ზემოდასახელებულ პირებზე უკვე შევსებულ ,,მემორანდუმებში“ მითითებულია - ,,მონაწილე გერმანელი პარაშუტისტების ჯგუფის, გადმოსროლილი საქართველოს ტერიტორიაზე დაზვერვითი და აჯანყებითი საქმიანობისთვის წითელი არმიის ზურგში’’. (შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი 6, საქმე 42/1265, ტომი 5, გვერდი 121)

     აღნიშნული დოკუმენტის მე-12 პუნქტი პირდაპირ გვიჩვენებს, თუ ,,მემორანდუმი“ რეალურად რას წარმოადგენდა - ,,დასახელებული პირი შეიძლება თუ არა გადაბირებულ იქნას და რა საქმისთვის?’’ამ კითხვის პასუხად შესაბამისი გრაფაში წერია - ,,მხედველობაშია მისაღებია მიწაზე დაშვების შემდეგ ,,შინსახკომის“ ორგანოში ნებაყოფილობითი გამოცხადება და გაწეული დახმარება პარაშუტისტების ჯგუფის ხელმძღვანელის, ჭირაქაძის დაკავების საქმეში. შესაბამისად, შესაძლებელია მისი გადაბირება“. (შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი 6, საქმე 42/1265, ტომი 5, გვერდი 122)

      მე-13 პუნქტში კი ვკითხულობთ - ,,რა განსაკუთრებული მოთხოვნებია გასათვალისწინებელი პირის აგენტურული მოსმახურებისას?’’. აქ უკვე აღნიშნულია, თუ რომელი პირისგან, ჯგუფისგან უნდა იყოს ,,გადაბირებული’’ იზოლირებული. (შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი 6, საქმე 42/1265, ტომი 5, გვერდი 122)

        ეს ალბათ იმიტომ, რომ არ მომხდარიყო მისი აგენტურული საქმიანობის შემთხვევითი გამჟღავნება. მაგალითად, დასახელებული ,,ოთხეულის’’ მიერ დაბიზღებული ადგილობრივი, უკვე დაპატიმრებული პირების შეხვედრა ციხის საკნებში, ავტომატურად გამოიწვევდა მათ, როგორც სამხედრო კონტრდაზვერვის  აგენტების გამოაშკარავებას. 

      1944 წლის 12 იანვრის სამხედრო კონტრდაზვერვის  დადგენილებით ებანოიძეს, ფიცხელაურს, დურგლიშვილს და ბაცაცაშვილს, წინასწარი დაკავების ვადა ჩაეთვალათ პატიმრობაში ყოფნად, სასჯელის მოხდად და უკვე 22 იანვარს, ისინი პატიმრობიდან განთავისუფლდნენ. (შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი 6, საქმე 42/1265, ტომი 1, გვერდი 532)

     აქვე მასალებში დაცულია, 1944 წლის თებერვლით დათარიღებული, მათი ,,ხელწერილები“ - ,,მე ქვემოთ ხელისმომწერი (აქ წერია შესაბამის გვარ-სახელი - თ.ს.) ვალდებული ვარ  არ გავამჟღავნო სამხედრო კონტრდაზვერვის მიერ ჩემთვის დასმული კითხვები და საკითხები, ასევე ჩემგან გაცემული პასუხები, როდესაც ვიყავი დაპატიმრებული და ვიმყოფებოდი სამხედრო კონტრდაზვერვის  სამმართველოში. მე გაფრთხილებული ვარ, რომ ამ ,,ხელწერილის“ დარღვევა გამოიწვევს სამხედრო დროის შესაბამისად ჩემს პასუხისგებას’’. (შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი 6, საქმე 42/1265, ტომი 5, გვერდები 36, 38, 120)

       ამრიგად, დასახელებული პირები ციხეში ყოფნის დროს ასრულებდნენ სამხედრო კონტრდაზვერვის სხვადასხვა დავალებას და როგორც ჩანს, პატიმრობიდან განთავისუფლების შემდეგაც ,,მუშაობდნენ“ გერმანული არმიის რიგებში მყოფი თანამემამულეების გამომაშკარავებლებად, ანუ ე.წ. ,,ამომცნობ აგენტებად“. საუბარია იმ ადამიანებზე, ვინც გერმანულ არმიაში მსახურობდნენ და საქართველოში დაბრუნებულები მათზე არსებული ,,მაკომპრომიტირებელი“ მასალების ,,მოშველიებით“ შესაძლო დაპატიმრების შიშით, ანდა უკვე დაპატიმრების შემდეგ გარკვეული შეღავათების, როგორცაა ვადაზე ადრე განთავისუფლება, სასჯელის ზომის შემცირება, სანაცვლოდ აქციეს გერმანული არმიის რიგებში მებრძოლი, მათი ყოფილი თანამებრძოლების აღმოსაჩენად და გამოსააშკარავებლად. ამაზე პირდაპირ მეტყველებს 1945 წელს ფიცხელაურის ხელახლა გასამართლების მასალების შინაარსი.     

     საარქივო დოკუმენტების მიხედვით, ფიცხელაური, 1945 წლის იანვარში ხელახლა დააპატიმრეს. კერძოდ, სამხედრო კონტრდაზვერვის  გამომძიებლის 1945 წლის 25 იანვრით დათარიღებულ დადგენილებაში ვკითხულობთ  - ,,განხილულ იქნა რა ფიცხელაურის საქმე, რომელიც გასამართლდა 1943 წელს, როგორც გერმანიის დაზვერვის აგენტი, რომელიც ,,გადმოსროლილ’’ იქნა საქართველოში 1942 წელს, ვპოვე: ფიცხელაური საქართველოს ტერიტორიაზე დააპატიმრეს და სასჯელის მოხდის შემდეგ გამოყენებული იქნა სამხედრო კონტრდაზვერვის  ფარული  სამუშაოსთვის სპეც-დავალებების შესასრულებლად, მაგრამ სამუშაოზე ვერ გაამართლა“. (შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი 6, საქმე 42/1265, ტომი 2, გვერდი 1)

      თუ რაში გამოიხატებოდა ფიცხელაურის ,,ვერ გამართლება“, ირკვევა სხვა მასალებიდან. ერთ-ერთ დოკუმენტში წერია -,,ფიცხელაურმა გაშიფრა თავისი თავი, როგორც საბჭოთა კონტრდაზვერვის აგენტმა უცხო პირებთან. ამასთან ერთად, 1945 წლის 19 იანვარს  სამხედრო კონტრდაზვერვის  თანამშრომლებთან და მოსამსახურეებთან გამოთქვამდა ანტისაბჭოთა მოსაზრებებს და აქებდა ჰიტლერს’’. (შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი 6, საქმე 42/1265, ტომი 2, გვერდი 4) (იხილე დოკუმენტი#3)

        დიახ, არც მეტი და არც ნაკლები, ჯერ კიდევ სიმფეროპოლში ჭირაქაძის ჯგუფის ,,შინსახკომში“ გამოცხადების ინიციატორი და თავისი ნებით გამოცხადებული ფიცხელაური, რაღაცა მიზეზების გამო, ომის დასასრულს იწყებს ჰიტლერის ქებას. ისმის კითხვა - რატომ?

     პასუხი შემდეგში უნდა ვეძიოთ - როგორც ხელმეორედ დაპატიმრებული ფიცხელაურის შესახებ გამომძიებელი წერს - ,,ვმონაწილეობდი რა ფიცხელაურის დაკითხვაში, ბრალდებულმა თავის სცნო დამნაშავედ იმაში, რომ იყო საიდუმლო თანამშრომელი და გაშიფრა თავისი თავი, ასევე მთვრალ მდგომარეობაში მყოფი გამოთქვამდა მუქარას სამხედრო კონტრდაზვერვის ხელმძღვანელობის მისამართით’’. (შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი 6, საქმე 42/1265, ტომი 2, გვერდი 13)

    როგორც ირკვევა, მუქარის შემცველ სიტყვებს და შეურაწმყოფელ გამონათქვამებს ფიცხელაური, არც მეტი და არც ნაკლები, თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში, იმ დროს პლეხანოვის, ამჟამად დავით აღმაშენებელის გამზირზე მდებარე სამხედრო კონტრდაზვერვის შენობაში გამოთქვამდა. (შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი 6, საქმე 42/1265, ტომი 2, გვერდები 9, 13)

     სავარაუდოდ, მისი ასეთი საქციელი თავისი ,,აგენტურული მოვალეობის’’ მიმართ გამოწვეული პროტესტი იყო.

       მასალებში არსებულ დოკუმენტებში ფიცხელაურის ,,აგენტურული მოვალეობა’’ დაკონკრეტებულია - პირდაპირ წერია, რომ იგი იყო ე.წ. ,,ამომცნობი აგენტი“, ანუ იმ დროს სამხედრო კონტრდაზვერვის მიერ გამოყენებული საიდუმლო აგენტურის ერთ-ერთი კატეგორიის აგენტი.  (შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი 6, საქმე 42/1265, ტომი 2, გვერდები 9, 13)

     საინტერესო და ამ გადასახედიდან თითქოსდა ირონიულია, მასალებში არსებული შემდეგი ინფორმაცია - ,,ფიცხელაური 1944 წლის მარტში სასჯელის მოხდის შემდეგ, თავისი ნებით გამოცხადდა სამხედრო კონტრდაზვერვის სამმართველოში და გამოთქვა სურვილი დახმარებოდა სამხედრო კონტრდაზვერვას მისთვის ცნობილი მტრის აგენტების გამოსააშკარავებლად’’. (შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი 6, საქმე 42/1265, ტომი 2, გვერდი 9)

       ირონიული იმიტომ, თითქოს მემორანდუმში აღნიშნული არ იყო, რომ პირის სამხედრო კონტრდაზვერვის აგენტად გახდომის დადგენილება-მემორანდუმი ძალაში შედიოდა სასამართლოს განაჩენთან ერთად. ანუ, სასჯელის მოხდის შემდეგ მისი ნებაყოფილობით გამოცხადება, რომ აგენტი გამხდარიყო არის ტყუილი ინფორმაცია. თუმცა, ვისთვის სჭირდებოდათ ამ სახის ჩანაწერის გაკეთება გაუგებარია. საქმე იმაშია, რომ ეს დოკუმენტები შედიოდა სრულიად საიდუმლო მასალების კატეგორიაში და თვით სამხედრო კონტრდაზვერვის თანამშრომლებს ,,გარდაუვალი საჭიროების’’ გარეშე, მათი ნახვის უფლება იმ დროს არ ჰქონდათ.

           ფიცხელაური სხვადასხვა მოწმის ჩვენებების საფუძველზე, მათ შორის მისი მეუღლის, ვისთანაც უთქვამს, რომ იყო სამხედრო კონტრდაზვერვის აგენტი, ასევე სამხედრო კონტრდაზვერვის იმ თანამშრომლების, ვინც სამხედრო კონტრდაზვერვის სამმართველოს შენობაში შეესწრნენ მის ,,გამოხდომას“, გაასამართლეს და როგორც ყოფილ ,,საიდუმლო(ფარულ) თანამშრომელს’’ ხუთი წელი ციხე მიუსაჯეს. (შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი 6, საქმე 42/1265, ტომი 2, გვერდები 9-11)

 

       საარქივო დოკუმენტებში ზემოაღნიშნული ჯგუფის წევრების - დურგლიშვილის და ბაცაცაშვილის შესახებ სხვა საინტერესო ინფორმაცია არ გვხვდება. სამაგიეროდ, რამოდენიმეჯერ იხსენიება და აღნიშნულ პერიოდთან შედარებით გვიანდელ მასალებში ებანოიძე .

      ესენია 1985 წლით დათარიღებული დოკუმენტები. საქმე ეხება ებანოიძის და იმდროინდელი საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (სუკი) მაღალი და საშუალო რანგის თანამშრომლების ,,მიმოწერას“.

      1985 წლით დათარიღებულ პირველ წერილში, საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის უფროსის ინაურის სახელზე, ებანოიძე წერს, რომ იგი ,,იმ დივერსანტული ჯგუფის წარმომადგენელია, ვინც ჩამოვიყვანეთ და თქვენს ორგანოს ჩავაბარეთ ემიგრანტი ჭირაქაძე’’. (შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი 6, საქმე 42/1265, ტომი 2, გვერდი 27)

       მისი სიტყვებით - ,,ვიყავი თქვენს განკარგულებაში ერთი წელიწადნახევარი, სადაც ვღებულობდი დავალებებს - ხშირად ვიყავი კამერებში, სადაც იქ მყოფებს ხანდახან არ აძლევდნენ საჭმელს. როგორც თქვენთვის ცნობილია მე უნდა შევგუებოდი ამას და არ ვღებულობდი იმას, რაც ნორმით მეკუთვნოდა“. (შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი 6, საქმე 42/1265, ტომი 2, გვერდი 27)

      მეორე წერილში ებანოიძე წერს ,,გავთავისუფლდი 1944 წელს, როგორც ავადმყოფფი. უშიშროებაში მიმიყვანეს საფაროვთან, მახსოვს იქ იყვნენ ქუციავა, დოლაბეგიშვილი, კოჭლავაშვილი და სხვები. ჯანმრთელობა მისურვეს და წავედი ჩემს ოჯახში’’. (შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი 6, საქმე 42/1265, ტომი 2, გვერდი 37)

   მასალების ანალიზიდან ჩანს, რომ იგი, არა როგორც ,,სამშობლოს მოღალატე“, არამედ საბჭოთა ხელისუფლებისთვის სავსებით ლოიალური და მისაღები პიროვნების რანგში მოევლინა მშობლიურ რაიონს და სოფელს - ,,დავბრუნდი ჩემს რაიონში ისტორიის მასწავლებლად და ომიდან დაბურნების შემდეგ, ვასრულებდი უშიშროების მუშაკთა ყველა დავალებას’’. (შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი 6, საქმე 42/1265, ტომი 2, გვერდი 37) (იხილე დოკუმენტი#4)

     ანუ, ებანოიძემ გააგრძელა თავისი ,,საიდუმლო თანამშრომლის“ - აგენტის საქმიანობა, ოღონდ უკვე არა ,,ამომცნობი აგენტის“, არამედ სხვა კატეგორიის ,,აგენტ-ინფორმატორის“ რანგში.

     ებანოიძეს 1985 წელს დაწერილ წერილებში, თავისი თავზე რამოდენიმე ადგილას გამოთქმული აქვს, როგორც ჭირაქაძის ხელისუფლებისთვის ჩამბარებლის ქება. რატომ იქებდა თავს და რატომ წერდა წერილებს საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელ ინაურს  ებანოიძე?

      წერილებიდან ირკვევა, რომ მას სურდა მიეღო საპენსიო დანამატი 20 მანეთი!? და საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში წერილებს, სწორედ ამ მოტივით აგზავნიდა. საქმე იმაშია, რომ შესაბამის ,,ავადმყოფობის ფურცელში“, სადაც  აღნიშნული უნდა ყოფილიყო, რომ მან მიიღო ჭრილობა, ან დაავადდა ომში ყოფნის პერიოდში, ეს ინფორმაცია არ ჩაუწერეს.

      იგი ითხოვდა, 1943-1944 წლებში, მისი საპატიმროში ყოფნის დროს გადატანილი ავადმყოფობა და ციხეში ყოფნისას გაკეთებული ყელის ოპერაცია, ,,სამამულო ომში“ მონაწილეობისას მომხდარად ჩაეწერათ. ებანოიძეს მხოლოდ პენსიის დანამატის - 20 მანეთის მოთხოვნაზე კი არ უთხრეს უარი, არამედ განუცხადეს, რომ შესაძლებელია ,,გაუქმებოდა’’ სამამულო ომში მონაწილის სტატუსიც. ებანოიძე ამიტომაც წერდა ინაურს - ,,71 წლის მოხუცისთვის პენსიაზე 20 მანეთის მომატება, როგორც მე ვარ დიდს ნიშნავს. მეორეც - რას იტყვის ხალხი’’. [ა 26] სხვა წერილში კი აღნიშნავდა ,,მისი დესანტად ჩამოსვლის საქმე ინახება მათ ორგანოში და რომ 20 მანეთი დანამატი ნამდვილად ეკუთვნოდა’’. (შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი 6/1265, საქმე 42, ტომი 2, გვერდი 34)

       წერილების შინაარსიდან ისიც ირკვევა, რომ ებანოიძეს ამ საკითხზე, ჯერ იმ  რაიონის უშიშროების ორგანოს ხელმძღანელებისთვის მიუმართავს ვის დავალებებსაც ,,პირნათალად ასრულებდა“, მაგრამ მათ არაფერი ,,გაუკეთებიათ’’. (შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი 6, საქმე 42/1265, ტომი 2, გვერდი 37)

      მისი თხოვნა უყურადღებოდ დატოვეს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელებმაც. ებანოიძის წერილების პასუხად, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის მიერ, შესაბამისი რაიონის უშიშროების უფროსთან გაგზავნილ, რუსულ ენაზე დაწერილ წერილში პირდაპირაა უარი ნათქვამი ებანოიძის თხოვნის დაკმაყოფილებაზე. მასში ვკითხულობთ - ,,ებანოიძემ დივერსანტების ჯგუფთან ერთად ნებაყოფილობთ გასცა მოღალატე ჭირაქაძე’’. თუმცა, აქვე შესაბამისი რაიონის უშიშროების უფროსს სთხოვდნენ, რომ აეხსნა ებანოძისთვის ,,მის დავადებას არ ჰქონდა კავშირი ომთან და რომ 20 მანეთის დანამატი პენსიაზე არ ეკუთვნოდა’’. (შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი 6, საქმე 42/1265, ტომი 2, გვერდი 47)

      აი ასეთი უარით გაისტუმრეს - ,,ხანდაზმულობამდე უშიშროების მუშაკთა ყველა დავალების“ შემსრულებელი, ხელისუფლების ,,ერთგული’’ ებანოიძე სახელმწიფო უშიშროების კომიტეტიდან. ზემონახსენებ რუსულ ენაზე დაწერილ დოკუმენტზე გაკეთებულია შემდეგი რეზოლუცია რუსულ ენაზე - ,,1985 წლის 24 ოქტომბერს ებანოიძეს გააცნეს პასუხი, რითაც იგი უკმაყოფილო დარჩა და განაცხადა, რომ დაწერდა განცხადებას სსრკს-ს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელის და უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სახელზე’’. (შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი 6, საქმე 42/1265, ტომი 2, გვერდი 48)

    თუ, რა მოხდა შემდგომ დოკუმენტებიდან არ ჩანს, მაგრამ ვფიქრობ საკმარისია იმისათვის, რომ შეგვექმნას წარმოდგენა კვლევაში მოხსენიებულ ყოფილ საბჭოთა ტყვეებზე.

  

.......................

      რაც შეეხება ,,ემიგრანტ ჭირაქაძეს“ აღვნიშნავ, რომ ზემოაღნიშნულ საარქივო საქმეში, არ მოიპოვება მასალა გიორგი ჭირაქაძის დახვრეტის შესახებ. შესაბამისად, გაურკვეველი იყო, სასამართლოს მიერ როდის იქნა გამოტანილი  მასზე სასიკვდილო განაჩენი, განაჩენის ,,აღსრულების’’ ზუსტი თარიღი და სხვა დეტალები. თუ რატომ დავინტერესდი ამ საკითხით, ეს კვლევის დასაწყისშივე აღვნიშნე - მინდოდა გამორკვევა, რამდენად შეესაბამებოდა თელაველების მეხსიერებაში შემორჩენილი ზეპირი ისტორია რეალობას.

         ჭირაქაძის დახვრეტის შესახებ, ოფიციალური ინფორმაცია თავდაპირველად ერთ-ერთ ინტერნეტ-საიტზე მოვიძიე, სადაც განთავსებულია სსრკ-ს სახელმწიფო უშიშროების ორგანოების საქმიანობის შესახებ სხვადასხვა მასალა. (Статьи и публикации » Органы государственной безопасности СССР в годы Великой отечественной войне » Том3 - Книга вторая (01.07.1942 - 31.12.1942) http://mozohin.ru/article/a-141.html)

     სავარაუდოდ,  სსრკ-ს რომელიღაც უშიშროების ორგანოს არქივში დაცულ დოკუმენტებზე დაყრდნობით, ერთგან, სადაც საუბარია მათ მეორე მსოფლიო ომის პერიოდზე მითითებულია, რომ - ,,1942 წლის 27 სექტემბერს თელავის რაიონში დააპატიმრეს გერმანელი პარაშუტისტი, ქართველი მენშევიკი ჭირაქაძე, რომელიც გადაგზავნილი იყო დავალებით, დაემყარებინა კავშირი საქართველოში ანტისაბჭოთა პარტიების ყოფილ წევრებთან. მათი დახმარებით მოეხდინა შეიარაღებული აჯანყება და ჩაედინა დივერსიული აქტები. ასევე, შეეგროვებინა სამხედრო-სადაზვერვო ინფორმაცია და გადაეცა რადიოგადამცემით მტრისთვის. 1943 წლის 13 მარტს, სსრკ-ს ,,შინსახკომთან’’ არსებული განსაკუთრებული თათბირის მიერ ჭირაქაძე გასამართლებულ იქნა და მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა დახვრეტა’’. (Статьи и публикации » Органы государственной безопасности СССР в годы Великой отечественной войне » Том3 - Книга вторая (01.07.1942 - 31.12.1942) http://mozohin.ru/article/a-141.html)

   რაც შეეხება კონკრეტულ თარიღს, თუ როდის დახვრიტეს გიორგი ჭირაქაძე, ეს ინფორმაცია მოვიძიე ვახტანგაძის შესახებ არსებულ საქმეში. ვახტანგაძე იხსენიება ზემომოყვანილ მასალაში, ჭირაქაძის ერთ-ერთი დაკითხვის ოქმში. შესაბამისად, მის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოკვლევისას, არქივში აღმოჩნდა საქმე, სადაც თავის მხრივ ჭირაქაძეზეც არის საუბარი. ამ დოკუმენტების შექმნის თარიღი 1962 წელია. (შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი 6, საქმე 45303)

     მათში აღნიშნულია, რომ 1930-იან წლებში ვახტანგაძე იყო ,,თეთრ-ემიგრანტული სოციალ-დემოკატების საქართველოს ორგანიზაციის წევრი’’ და იცნობდა იმ დროს ემიგრაციაში მყოფ თანაპარტიელებს, მათ შორის გიორგი ჭირაქაძეს.

     აქვე ჭირაქაძის მოკლე ბიოგრაფიული ცნობებია მოყვანილი, რომლებიც, როგორც ამ და სხვა მასალების ანალიზიდან ჩანს, ზემომოყვანილი საარქივო საქმიდან არის ამოღებული - ჭირაქაძის შტეტინის სადაზვერვო სკოლაში სწავლა, მის მიერ სიმფეროპოლში ჯგუფის შედგენა საქართველოში გადმოსასროლად და სხვ. აღნიშნულია, რომ ,,ჭირაქაძის ჯგუფის წევრები გერმანელების დავალების შესრულებაზე არ ფიქრობდნენ და 1942 წლის 27 სექტემბერს, იგი ებანოიძის, ფიცხელაურის, დურგლიშვილის და ბაცაცაშვილის დახმარებით იქნა დაპატიმრებული. სსრკ-ს ,,შინსახკომთან“ არსებული განსაკუთრებული თათბირის, 1943 წლის 13 მარტის დადგენილებით ჭირაქაძეს მიესაჯა დახვრეტა. გადაწყვეტილება სისრულეში იქნა მოყვანილი 1943 წლის13 მაისს“. (შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი 6, საქმე 45303, გვერდი 29)

         დახვრეტის ,,აღსრულების“ გარემოებების შესახებ არქივებში იშვიათად ,,ილექება“ მასალები. აქ თავის როლს თამაშობს სპეციფიკა - დღევანდელი საარქივო მასალა მაშინდელი ძალისმიერი სტურქტურების სამსახურებრივი დოკუმენტაციაა, სადაც ძირითადად ბ,,მშრალი’’ ინფორმაციებია შემონახული. თუმცა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში ეს მასალები აღმოჩნდა. აღნიშნული დოკუმენტები გარკვეულწილად  გვაძლევენ საშუალებას აღვდგინოთ ამ კონკრეტული შემთხვევის სრული სურათი.  (დიდ მადლობას ვუხდი შსს-ს არქივის თანამშრომლებს, აღნიშნული დოკუმენტების მოძიებაში გაწეული დახმარებისთვის)

     პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ ჭირაქაძის დახვრეტა, იმდროინდელი კანონების თანახმად სასიკვდილო განაჩენის გამოტანიდან მალევე უნდა აღესრულებინათ, მაგრამ ვადა დროებით გადაუწევიათ. ამაზე მეტყველებს, 1943 წლის 21 აპრილით დათარიღებული საიდუმლო წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ ,,გამომდინარე ,,ოპერატიული საჭიროებებიდან’’ გთხოვთ გადადოთ განაჩენის აღსრულება.’’ (შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი 12, საქმე 040, გვერდი 27)

      აქვე აღმოჩნდა სხვა დოკუმენტი, რომლიდანაც ირკვევა, თავდაპირველად გიორგი ჭირაქაძის დახვრეტა გადაწყვეტილი ჰქონიათ თბილისში, ,,შინსახკომის“ შინაგან ციხეში. (შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი 12, საქმე 040, გვერდი 29)

       1943 წლის 11 მაისს საქართველოს სსრ-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახალხო კომისარი რაფავა უგზავნის უგზავნიდა, ,,შინსახკომის“ შინაგანი ციხის უფროსს კაპიტან მუღალაშვილს შემდეგ მიწერილობას: ,,1943 წლის 13 მარტის სსრკ-ს ,,შინსახკომთან“ არსებული განსაკუთრებული თათბირის გადაწყვეტილების და სსრკ-ს ,,შინსახკომის“ 1943 წლის მოწერილობის # 8/13237 თანახმად, გავალებთ მოიყვანოთ განაჩენი - უმაღლესი ზომა სოციალური დაცვის - დახვრეტა შემდეგ პირზე:  1. ჭირაქაძე გრიგოლი სამსონის ძე. დაბადებული 1909 წელს, თბილისის მცხოვრები. ემიგრანტი. საშუალო განათლებით. დაპატიმრების მომენტში გერმანიის პარაშუტისტ-მზვერავების ჯგუფის უფროსი. განაჩენი სისრულეში მოიყვანეთ 1943 წლის 12-13 მაისის ღამით.’’ (შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი 12, საქმე 040, გვერდი 29) დოკუმენტი საწერი კალმით, თუ ფანქრით ჯვარედინად  არის გადახაზული.

       უკვე, მეორე დღეს - 1943 წლის 12 მაისს, მაისს საქართველოს სსრ-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახალხო კომისარი რაფავა, ,,შინსახკომის“ შინაგანი ციხის უფროსს მუღალაშვილს ახალ მიწერილობას უგზავნის. ამ დოკუმენტში მეორდება ზემომოყვანილ 1943 წლის 11 მაისის მიწერილობაში არსებული ტექსტი, ოღონდ აქ უკვე ,,შინსახკომის“ შინაგანი ციხის უფროსს მუღალაშვილს, თელავის ,,შინსახკომის“ უფროს კვაშალთან ერთად ევალება ჭირაქაძეზე განაჩენის - ,,უმაღლესი ზომა სოციალური დაცვის - დახვრეტა“ სისრულეში სახალხოდ მოყვანა უშუალოდ თელავის რაიონში იმ ადგილზე სადაც დააკავეს გერმანელი პარაშუტისტი. დახვრეტის წინ ჭირაქაძეს უნდა გადაუღონ ფოტოები ორ ეგზემპლარად’’. (შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი 12, საქმე 040, გვერდი 24)

       დოკუმენტში ასევე ვკითხულობთ: ,,განაჩენის აღსრულების ადგილზე, განსაჯელი მიყვანილ უნდა იქნას გაძლიერებული ბადრაგით, არ შეატყობინონ ფართო მოსახლეობას. დახვრეტის დროს უზრუნველყონ მხოლოდ თხუთმეტი-ოცი ადამიანის დასწრება, ვინც მონაწილეობას იღებდნენ პარაშუტისტის დაკავებაში. დახვრეტის წინ აუხსნან მშრომელებს, რომ დაკავებულ გერმანელ მზვერავ-პარაშუტისტს მისჯილი აქვს სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა, განსაკუთრებით გაესვას ხაზი, იმას, რომ იგი გადმოსროლის შემდეგ მონანიებით, ნებაყოფილობით არ გამოცხადდა  საბჭოთა ხელისუფლებასთან.

     უფროსი ან საშუალო მეთაურის ხელმძღვანელობით გამოიყოს მებრძოლების ჯგუფი ,,შინსახკომი’’-ს ჯარიდან, ექვსიდან ათ ადამიანამდე - შემოწმებული მებრძოლი კომუნისტებით, კომკავშირლებით.

        დახვრეტა განხორციელდეს შაშხანების ზალპით, ბრძანებით - ,,სამშობლოს მოღალატეს ცეცხლი!

   განაჩენის შესრულების შემდეგ გვამი შესაბამის დგილზე ჩამარხეთ და აღსრულებაზე შეადგინეთ აქტის ორი ეგზემპლარი ,,შინსახკომში“ წარსადგენად’’

(შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი 12, საქმე 040, გვერდი 20) (იხილე დოკუმენტი #5)

    ამრიგად, ზეპირი გადმოცემების თანახმად, სწორედ ეს სიტყვები წაიკითხეს თელავში ,,გიგოს გორაზე“ ჭირაქაძის დახვრეტის წინ. ვფიქრობ, უკვე დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ საპასუხოდ ჭირაქაძის წამოძახილიც რეალობას შეესაბამება, რადგან სხვა შემთხვევაში ხალხის მეხსიერება მას არ ,,შემოინახავდა“.

    უფრო მეტიც, ამ მასალებში არის სხვა დოკუმენტი, რომელიც უკვე პირდაპირ აკონკრეტებს და შეიძლება ითქვას, ავსებს გიორგი ჭირაქაძის დახვრეტის ისტორიას. დოკუმენტს ხელს აწერს შემდგომ პერიოდში ისტორიკოსი, იმ დროს კი, საქართველოს სსრ-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის განყოფილების უფროსი ალექსანდრე კოჭლავაშვილი. იგი 1943 წლის 11 მაისს, საქართველოს სსრ-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს ,,შინსახკომის“ პირველი განყოფილების უფროს მოროზოვს სწერს შემდეგს: ,,დახვრეტა გერმანელი აგენტ-პარაშუტისტის, ემიგრანტი ჭირაქაძე გ.ს.-ის მიზანშეწონილად მივიჩნევ განხორციელდეს თელავის რაიონში, ადგილზე ,,გიგოს მთა - გორა“, ნადიკვრთან“. (შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი 12, საქმე 040, გვერდი 25)  (იხილე დოკუმენტი #6) სავარაუდოდ სწორედ ამ მიწერილობამ გადაწყვიტა ჭირაქაძის დახვრეტა არა ციხეში, არამედ თელავში განეხორციელებინათ.

     როგორც ვნახეთ, ამ დოკუმენტში უკვე პირდაპირ მითითებულია ჭირაქაძის დახვრეტის ადგილი. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, სადაც საბჭოთა პერიოდში დახვრეტის კონკრეტული ადგილის შესახებ გვაქვს წერილობითი წყარო შემორჩენილი.

      საარქივო მასალებმა შემოინახა ჭირაქაძის დახვრეტის დოკუმენტური დადასტურებაც. ეს არის ე.წ. ,,დახვრეტის აქტი“:

,,სავსებით საიდუმლოდ,

13 მაისი 1943 წელი. ქ. თელავი.

ჩვენ ქვემოთ ხელისმომწერებმა - ,,შინსახკომი“-ს ციხის უფროსი მუღალაშვილი, თელავის ,,შინსახკომი“-ს უფროსი კვაშალი, თელავის პროკურორის ამხანაგი გიგაური, შევადგინეთ ქვემდებარე აქტი შემდეგზე, რომ საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის, მესამე რანგის კომისარ რაფავას 1943 წლის 12 მაისის მოწერილობის თანახმად, განაჩენი

სსრკ-ს ,,შინსახკომ“-თან არსებული განსაკუთრებული თათბირის გადაწყვეტილების 1943 წლის 13 მარტის, უმაღლესი ზომა სოციალური დაცვის - დახვრეტა განსასჯელზე: 1. ჭირაქაძე გრიგოლი სამსონის ძე, დაბადებული 1909 წელს, მცხოვრები ქალაქი თბილისი, ემიგრანტი, საშუალო განათლებით, სისრულეში იქნა მოყვანილი 1943 წლის 13 მაისს, სახალხოდ ადგილზე ,,გიგოს მთა“. აქტი შედგენილია ორ ეგზემპლარად  ,,შინსახკომი“-ს I  სპეც-განყოფილების უფროსისთვის.

,,შინსახკომი“-ს შინაგანი ციხის უფროსი, კაპიტანი მუღალაშვილი

თელავის ,,შინსახკომი“-ს უფროსი კვაშალი

თელავის რაიონის პროკურორი გიგაური’’. (შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი 12, საქმე 040, გვერდი 26)

    ამრიგად, როგორც ვნახეთ თელავის მოსახლეობაში შემორჩენილი ზეპირი ისტორია, 1943 წლის 13 მაისს ,,გიგოს გორაზე“ გიორგი ჭირაქაძის დახვრეტის გარემოებების შესახებ, შეიძლება დანამდვილებით ითქვას, რომ სიმართლეს შეეფერება.

    მე ვერ მოვიძიე გიორგი ჭირაქაძის ნათესავები, მას სავარაუდოდ შთამომავლობაც არ დარჩენია, მაგრამ მისი სახელი ისტორიას შემორჩა, სწორედ იმ სიტყვების გამო, რაც დახვრეტის წინ დამხვრეტების მისამართით წამოიძახა - ,,მე საქართველო მიყვარს, მოღალატე არ ვარ... ისტორია იტყვის მოღალატე მე ვარ, თუ თქვენ ხართ!“.

დიახ, ისტორია აუცილებლად იტყვის, ან უკვე თქვა... ეს უკვე მკითხველმა განსაჯოს...

23 ნოემბერი, 2021 წელი

 

 


 

 




      






 

Comments

Popular posts from this blog

ქართული ემიგრაციის წარმომადგენლები და ,,აბვერი”

THE GERMAN LANDING IN KAKHETI: THE GEORGIANS IN THE WORLD WAR II